საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, საქართველო გარეოში უშიშროების საბჭოს სხდომის გამართვას მოითხოვს. შესაბამისი მოთხოვნა მინისტრის თქმით, უკვე გაგზავნილია.
"რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის ე.წ. ,, მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების" გაფორმება წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის რეგიონის დე ფაქტო ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯს . საქართველოს მთავრობა გმობს ამ უკანონო ნაბიჯს და მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას სათანადო შეფასება მისცეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოს სამართლის ფუნდამენტალური პრინციპების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას. ე.წ. დოკუმენტი წარმოადგენს რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უხეშ დარღვევას წარმოადგენს, მის ხელმოწერას ექნება ნეგატიური შედეგები როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების მდგომარეობაზე ასევე უფრო ფართოდ ნეგატიური იქნება ევროპულ უსაფრთხოების კონტექსტშიც", - განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა და აღნიშნა, რომ ე.წ. ხელშეკრულებას არანაირი სამართლებრივი მექანიზმი არ გააჩნია.
ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის სამოკავშირეო ხელშეკრულება გაფორმდა.
ე..წ. ხელშეკრულებას ხელი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ მოაწერეს.
შეგახსენებთ, რომ ,,მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" ახალი ხელშეკრულების პროექტი აფხაზეთს რუსეთმა ხაჯიმბას პრეზიდენტად არჩევის შემდეგ შესთავაზა.
აფხაზურ საზოგადოებასა და პოლიტიკურ წრეებში რამდენიმეკვირიანი ხმაურიანი განხილვის შემდეგ, მოსკოვის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტში შესწორებები შეიტანეს და ოკუპირებული აფხაზეთის პარლამენტის მიერ მოწონებული ვარიანტი მოსკოვს გადაუგზავნეს.
გასულ კვირას ორივე მხარე ახალი ხელშეკრულების მიღებაზე შეთანხმდა, რასაც დღეს სოჭის შეხვედრაზე ვლადიმერ პუტინმა და რაულ ხაჯიმბა ხელმოწერით დაადასტურეს.