ვიცი-პრემიერის კახა კალაძის განცხადებით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რუსეთსა და დე ფაქტო აფხაზეთს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულება შეაჩეროს. როგორც კალაძემ საკითხის კომენტირებისას ჟურნალისტებთან განაცხადა მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობა აქტიურად ჩაერთოს.
,,დღეს რეალური შანსი გვაქვს იმის, რომ აფხაზ ხალხს უფრო დავუახლოვდეთ ისე, როგორც არასდროს. ეს აფხაზებმაც ძალიან კარგად იციან. ძალიან დიდი აზრთა სხვადასხვაობაა მათ შორის თვითონ მათშიც, რომ შესაძლებელია ეთნიკურად აფხაზი ხალხი უახლოეს მომავალში საერთოდ გაქრეს. მაქსიმალურად უნდა მოვუწოდოთ საერთაშორისო საზოგადოებას, რომ მაქსიმალურად იყვნენ ჩართული ამ პროცესებში. მთავრობა და ხელისუფლება ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს პროცესები შევაჩეროთ", - განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 24 ნოემბერს სოჭში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტისა და ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას შეხვედრა იგეგმება. მათი შეხვედრის მიზანი რუსეთსა და აფხაზეთს შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების პროექტის ხელმოწერაა.
,,მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" ახალი ხელშეკრულების პროექტი აფხაზეთს რუსეთმა ხაჯიმბას პრეზიდენტად არჩევის შემდეგ შესთავაზა.
აფხაზურ საზოგადოებასა და პოლიტიკურ წრეებში რამდენიმეკვირიანი ხმაურიანი განხილვის შემდეგ, მოსკოვის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტში შესწორებები შეიტანეს და ოკუპირებული აფხაზეთის პარლამენტის მიერ მოწონებული ვარიანტი მოსკოვს გადაუგზავნეს.
გასულ კვირას ორივე მხარე ახალი ხელშეკრულების მიღებაზე შეთანხმდა, რასაც დღეს სოჭის შეხვედრაზე ვლადიმერ პუტინი და რაულ ხაჯიმბა ხელმოწერით დაადასტურებენ.