„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" აგრძელებს საზოგადოების ინფორმირებას შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) თანამშრომლების, ე.წ. „ოდეერების" შესახებ, რომლებიც შსს-ს მიერ სხვადასხვა ორგანიზაციებში არიან გამწესებულნი. ამჯერად ორგანიზაცია საზოგადოებრივ მაუწყებელში გამწესებულ „ოდეერის" ირაკლი ციბაძის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.
კერძოდ, ირაკლი ციბაძე_ საზოგადოებრივ მაუწყებელში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის არსებობის შესახებ სამეურვეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე ემზარ გოგუაძე გასულ წელს საუბრობდა. გოგუაძის განცხადებით, შსს-ს კონტრდაზვერვის თანამშრომელი ირაკლი ციბაძე დირექტორის გიორგი ბარათაშვილისათვის უნდობლობის საკითხის გამოცხადებასთან დაკავშირებით პოზიციის შეცვლას სთხოვდა, რის სანაცვლოდაც მაღალ თანამდებობას პირდებოდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თამაზ ტყემალაძემ დაადასტურა, რომ ირაკლი ციბაძე გენერალური დირექტორის მრჩეველი იყო უსაფრთხოების საკითხებში და განაცხადა, რომ მის გადაყენებას არ აპირებდა. შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ნინო გიორგობიანის განცხადებით კი ირაკლი ციბაძე სამინისტროში არ მუშაობდა.
2012 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, 04/06/1977 წელს დაბადებული ირაკლი ციბაძეს შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის კონტრდაზვერვის მთავარი სამმართველოს მესამე სამმართველოს მეოთხე სამსახურის უფროსის (სამმართველოს უფროსის მოადგილე) თანამდებობა ეკავა. 2013 და 2014 წლების დეკლარაციების მიხედვით კი ციბაძე კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უშიშროების საკითხებში ოფიცერთა მთავარი სამმართველოს სამმართველოს უფროსია.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" თანამშრომლების მიერ საქართველოს ცენტრალური საარჩევნოს კომისიის ვებგვერდზე არსებული ფოტოსურათის წარდგენის შემდეგ საზოგადოებრივი მაუწყებლის მონიტორინგის საბჭოს წევრმა ემზარ გოგუაძემ და მისმა ორმა კოლეგამ ამოიცნეს 04/06/1977 წელს დაბადებული ირაკლი ციბაძე. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ირაკლი ციბაძე დღემდე მუშაობს საზოგადოებრივ მაუწყებელში.
ირაკლი ციბაძის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებული პროცესი საინფორმაციო საააგენტო Media.Ge-მ თბილისის საქალაქო სასამართლოს პირველ ინსტანციაში წააგო. გამოცემის ინტერესების დამცველის საია-ს მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის ხელმძღვანელის არგუმენტაცია, რომ ირაკლი ციბაძის მიმართ საჯარო ინტერესი არსებობდა და შესაბამისად, შსს-ს ინფორმაცია უნდა გაეცა, სასამართლომ არ გაიზიარა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ირაკლი ციბაძის, როგორც თანამდებობის პირის, ქონებრივი დეკლარაცია საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე არ არის ხელმისაწვდომი.