პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილმა რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის დადებული ხელშეკრულების გაფორმების საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რუსეთის ამ აბსურდულ ნაბიჯს ქართველ ხალხთან ერთად შეეწინააღმდეგება.
,,ჩვენ ბოლო ერთი თვეა, მთლიანად ჩვენი საგარეო აქტივობა მოცულია იმით, რომ აღვუდგეთ წინ ამ აბსოლუტურად ალოგიკურ ნაბიჯს, ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ვეწინააღმდეგებით ამ ნაბიჯს, რომელსაც დგამს მოსკოვი. ასევე მინდა კიდევ ერთხელ, ყველა ჩვენს მხარდამჭერს მსოფლიოს მასშტაბით გავაგონო ეს პოზიცია, მინდა მხარი დავუჭირო ასევე იმ პოზიციას, რომელიც გამოხატა საგარეო საქმეთა სამინისტრომ და ეს პოზიცია არის სწორი და კვალიფიცირებული. საქართველოს მთავრობასთან და ქართველ ხალხთან ერთად შევეწინააღმდეგებით ამ აბსურდულ ნაბიჯს", - განაცხადა მარგველაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ კუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას ხელი ხვალ სოჭში მოეწერება, - ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური პრესა ავრცელებს.
ხელშეკრულება საოკუპაციო რეჟიმსა და ოფიციალურ მოსკოვს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს. ის 10 წლიანი ვადით გაფორმდება, თუმცა შესაძლოა კიდევ 5 წლით გახანგრძლივდეს. ხელმოწერამდე რამდენიმე დღით ადრე დოკუმენტი რუსეთის მთავრობამ დაამტკიცა და შეთანხმებული ვარიანტი პრეზიდენტს ხელმოსაწერად გადაუგზავნა. ცნობილია ისიც, რომ ხვალ სოხუმის ცენტრში შეთანხმების გაფორმების მხარდასაჭერი აქციაც იგეგმება.