როდესაც გაჩნდა კითხვები, ჩვენი ქვეყნის საგარეო კურსთან მიმართებაში, მე არ მაქვს მორალური უფლება სხვაგვარად მოვიქცე, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ განაცხადა.
"მივიღე გადაწყვეტილება, გადავდგე დაკავებული თანამდებობიდან და დავდგე ჩემი მეგობრების და თანამებრძოლების გვერდით. მე ვიყავი, დღეს ისევ ვარ და მომავალშიც ვიქნები "თავისუფალი დემოკრატების" გვერდით. იმ გუნდის გვერდით, ვისთვისაც, მთავარი ფასეულობა არის ადამიანი, მისი უფლებები, ვისთვისაც უმთავრესია ევროპულ ფასეულობებზე დაფუძნებული სახელმწიფოს აშენება, ვისთვისაც უმთავრესია ქვეყნის ევროატლანტიკური არჩევანი. ამ ღირებულებების გარშემო გაერთიანდა ეს გუნდი", - განაცხადა ზალკალიანმა.
მან ქართველ და უცხოელ დიპლომატებს და ჟურნალისტებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა რომ არსად მიდის. "მე არსად არ მივდივარ. არ გემშვიდობებით. მე აქ ვარ, ჩემს თანამებრძოლებთან ერთად", - განაცხადა ზალკალიანმა.