ეს შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ ფაქტია - საქართველო მევენახეობის უძველესი ქვეყანაა მსოფლიოში
შვეიცარული გამოცემა „ტაგეს ანცაიგერის" სტატიაში გადმოცემულია საქართველოში, კერძოდ კახეთის რეგიონში ყოფნის შთაბეჭდილებები, ყურადღება განსაკუთრებით გამახვილებულია ადგილობრივი მევენახეობისა და მეღვინეობის მდგომარეობაზე (ავტორი - ფილიპ შვანდერი).
„ამას წინათ მეგობართან ერთად შემთხვევა მომეცა საქართველოს ვწვეოდი. იგი უკვე რამდენჯერმეა ნამყოფი წინა აზიის ამ მიმზიდველ ქვეყანაში. კმაყოფილი ვარ, რომ შედარებით მოკლე დროში ჩემთვის აბსოლუტურად უცნობ და იმავდროულად დიდებულ ქვეყანას გავეცანი
მათთვის, ვინც ჯერ კიდევ არ იცის:
საქართველო მსოფლიოში მევენახეობის ერთ-ერთ უძველეს ქვეყნად ითვლება, სადაც, სარწმუნო წყაროების თანახმად, ღვინოს ჯერ კიდევ 7 ათასი წლის წინათ ამზადებდნენ. ვაზს საქართველოში საოცარი მნიშვნელობა ეძლევა: ქართველთა გაქრისტიანების პერიოდში (მე-4 საუკუნეში) პირველი ჯვრები ამ მცენარისგან კეთდებოდა, რაც ქართველთა ვაზისა და ღვინის პატივისცემა-სიყვარულს მიანიშნებს.
საქართველო კავკასიაში, შავი ზღვის აღმოსავლეთით მდებარეობს, მისი ტერიტორიის ფართობი თითქმის იმდენივეა, რამდენიც ბავარიას აქვს. საქართველოში ოთხნახევარი მილიონი ადამიანი ცხოვრობს. 1991 წლამდე ეს ქვეყანა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდა და მთელი საბჭოეთის მასშტაბით მოყვანილი ყურძნის მოსავლის სამი მეოთხედი საქართველოზე მოდიოდა. დამოუკიდებლობის პერიოდში, განსაკუთრებით მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს ქვეყანაში მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა, მაგრამ იმავდროულად საქართველო რუსეთთან კონფრონტაცის გზას დაადგა და მოსკოვთან ურთიერთობა გაუარესდა. ამ ფონზე 2006 წელს რუსეთმა ქართული ღვინის მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული ემბარგო დააწესა.
რუსულმა ბოიკოტმა საქართველოს მევენახეობა ღრმა კრიზისი გამოიწვია, თუმცა იმავდროულად ქართველ მეღვინეებს ხარისხის გაუმჯობესებისა და ახალი ბაზრების ძიებისაკენ უბიძგა. რეგიონს, რომელიც დიდ და მცირე კავკასიას შორისაა მოქცეული, ტურიზმის სფეროში უდიდესი პოტენციალი აქვს. სეტყვის მაღალი რისკის მიუხედავად, რეგიონის რბილი კლიმატი მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებისთვის იდეალურია. აქ არსებობს ვაზის 500-მდე ადგილობრივი ჯიში, რომელთა ნაწილი, მართალია, ჯერ კიდევ მთლიანად არაა შესწავლილი, მაგრამ თვით ეს ფაქტი მოწმობს, რომ მევენახეობას განვითარების დიდი შესაძლებლობები აქვს.
ჩემი მოგზაურობის დროს საკმაოდ ბევრი ქართული ღვინო გავსინჯე. ჩემი აზრით, საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის პოტენციალი შედარებით მცირედაა გამოყენებული - აქ ტიპიურია ამფორული ღვინო, რომელიც ანტიკური პერიოდის მსგავს დიდ, რვატონიან თიხის ქვევრებში მზადდება. მნიშვნელოვანი ფაქტია ის, რომ წვენის დუღილი ყურძნის წიპწას, კანსა და ყუნწებთან ერთად მიმდინარეობს, შემდეგ მას თავსახურს აფარებენ და ასე ინახება გაზაფხულამდე და უფრო დიდხანსაც. თუმცა, ასეთი წესით შენახული ღვინო შეიცავს უფრო მეტ ტანინს, ვიდრე დასაშვებია და ამიტომ მას სპეციფიკური გემო დაჰკრავს.
ქვევრის ღვინის დამზადების წესი კარგად იცის გერმანელმა მენეჯერმა ბერჰარდ შუხმანმა, რომელმაც საქართველოზეა შეყვარებული და რეგიონში ერთ-ერთი ცნობილი ღვინის საწარმო აქვს. რუსულმა ბოიკოტმა მის ვენახებზე სასიკეთოდ იმოქმედა, რის წყალობითაც იგი დღემდე ქვევრის საუკეთესო თეთრ ღვინოს ამზადებს და ამისათვის ადგილობრივი იშვიათი ვაზის ჯიშს - კისის იყენებს. კისის ღვინოს აქვს აბსოლუტურად უნიკალური, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ძლიერი გემო. როცა მას შეხედავთ და გასინჯავთ, შეამჩნევთ მისთვის დამახასიათებელ უჩვეულოდ მრავალ ნიუანსს.