პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ პოლონეთი უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების პროცესში აუცილებლად უნდა იყოს ჩართული.
ტუსკმა ასევე კრიტიკულად შეაფასა E3-ის ფორმატი, რომელშიც დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია მონაწილეობენ, თუმცა სხვა ევროპელი პარტნიორები, მათ შორის პოლონეთი, არ არიან წარმოდგენილი.
„ძალიან ფრთხილად ვუყურებ იმ იდეებს, რომლებიც დასავლეთ ევროპაში ჩნდება და რომლებიც უკრაინის საკითხზე პუტინთან დიალოგის ან მოლაპარაკებების სწრაფ დაწყებას ეხება“, - განაცხადა ტუსკმა.
მისი თქმით, ამ საკითხზე ესაუბრა იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონისაც, რომელიც ასევე არ არის კმაყოფილი E3-ის ფორმატით.
„ნებისმიერი შეთანხმება, რომელშიც პოლონეთი არ მონაწილეობს, პოლონეთისთვის სავალდებულო არ იქნება“, - აღნიშნა პოლონეთის მთავრობის ხელმძღვანელმა.
ტუსკის განცხადებით, უახლოეს დღეებში უკრაინის საკითხზე კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება, რომელშიც პოლონეთი და იტალია, ასევე დიდი ბრიტანეთი, გერმანია და საფრანგეთი მიიღებენ მონაწილეობას.