მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) კვლევის- "Doing Business 2015" მიხედვით, მსოფლიოს 189 ქვეყანას შორის ბიზნესის დაწყების სიმარტივის მიხედვით საქართველო დაწინაურდა და მერვედან მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა, ქონების რეგისტრაციის სიმარტივის მიხედვით კი, ქვეყანა კვლავ სტაბილურად ინარჩუნებს პირველ ადგილს.
საქართველოში ბიზნესისა და ქონების რეგისტრაციას იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ახორციელებს.
"Doing Business" მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის პროექტია, რომელიც ბიზნესის გარემოს მსოფლიოს 189 ქვეყანაში, 10 ძირითადი კრიტერიუმის მიხედვით იკვლევს. კვლევაში ყოველწლიურად დაახლოებით 12000 ექსპერტი მონაწილეობს.
აღნიშნულ მსოფლიო რეიტინგში, ბიზნესის რეგისტრაციის სფეროს შეფასების კრიტერიუმები სარეგისტრაციო პროცედურების რაოდენობას, რეგისტრაციისათვის საჭირო დროსა და ხარჯებს უკავშირდება.
საჯარო რეესტრში განხორციელებულმა რეფორმებმა რეიტინგის შეფასების ყველა კომპონენტი მოიცვა: სარეგისტრაციო პროცედურების რაოდენობა და რეგისტრაციისათვის საჭირო დრო მინიმუმამდე შემცირდა; მომსახურება ერთი სარკმლის პრინციპით ხორციელდება და მომხმარებელს ურთიერთობა უწევს მხოლოდ ერთ ოპერატორთან; ქონების და ბიზნესის რეგისტრაცია რამდენიმე საათშია შესაძლებელი; რეგისტრაციასთან დაკავშირებული ხარჯები სხვა ქვეყნებთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალია.