თბილისის მერი დავით ნარმანია საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმს - "საქართველო - რეგიონული ცენტრი და აზიის დამაკავშირებელი ევროპასთან" დაესწრო. სასტუმრო „რედისონში" მიმდინარე ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა.
ორდღიანი ფორუმის მიზანია, საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის გაცნობა აზიის ბიზნეს-წრეების წარმომადგენლებისთვის, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, ასევე რეგიონში ვაჭრობისა და ინვესტიციების წახალისების მაქსიმალური ხელშეწყობა.
თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, აზიის განვითარების ბანკი საქართველოში აქტიურად მუშაობს. „ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება მეტროსადგურ ვაჟა ფშაველას და თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობის პროექტები, რომელიც გუშინ ბანკის პრეზიდენტთან ვენჩაი ჟანგთან ერთად მოვინახულეთ. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ახალი საჭიროებები დედაქალაქში მდგრადი, ურბანული, ტრანსპორტის განვითარებასთან დაკავშირებით და ვისაუბრეთ ფინანსური მხარდაჭერის აუცილებლობაზე" - განცხადა დავით ნარმანიამ.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელ საინვესტიციო ფორუმზე დაინტერესებულ ბიზნესმენებს საკუთარი პროექტების საჭიროების და ინტერესების გამოხატვის დაფიქსირების შესაძლებლობა ეძლევათ.
ფორუმი ეკონომიკის სამინისტროსა და აზიის განვითარების ბანკის ინიციატივით იმართება. ღონისძიების პარტნიორები მეწარმეობის განვითარების სააგენტო და საკონსულტაციო კომპანია PMCG (POLICY AND MANAGEMENT CONSULTING GROUP) არიან. ფორუმის ერთ-ერთი სპონსორია ასევე მეწარმეობის განვითარების სააგენტო. ღონისძიების მხარდამჭერი არიან "რაკია საქართველო" და "სილქ როუდ გრუპი".
ფორუმზე მიწვეულია 100-ზე მეტი მაღალი რანგის სტუმარი სხვადასხვა ქვეყნიდან. ქართული მხრიდან ფორუმს ესწრება 200-ზე მეტი პირი კერძო და საჯარო სტრუქტურებიდან.