სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ოჯახში ძალადობის ახლადშექმნილი უწყებათაშორისი საბჭოსთვის რეკომენდაციებს შეიმუშავებენ. სპეციალური საკონსულტაციო შეხვედრა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე გაეროს ქალთა ორგანიზაციის(UN Women)ინიციატივით დღეს, 15:00 საათზე, "ჰოლიდეი ინ"-ში გაიმართება.
შეხვედრას გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამების სპეციალისტი თამარ საბედაშვილი და საქართველოს პარლამენტისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი გუგული მაღრაძე დაესწრებიან.
შეხვედრის მიზანია, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა ერთობლივად იმსჯელონ და ხელისუფლებას მიაწოდონ რეკომენდაციები ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემის დაძლევასთან დაკავშირებით. რეკომენდაციები მოიცავს სამომავლოდ გასატარებელ ღონისძიებებს კანონმდებლობის, მისი აღსრულების მექანიზმების, შესაბამისი სტრუქტურების გაძლიერებისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კუთხით.
შეხვედრაზე გაიმართება დისკუსია, რომელიც მიზნად ისახავს იმ უწყებების ეფექტიანობის გაზრდას, რომლებსაც ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხები შეეხებათ.