"ყველას მოვუწოდებ ყურადღებით წაიკითხონ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია, ასევე წაიკითხოს სახვა ქვეყნებთან დაკავშირებით გამოქვეყნებული ანალოგიური გაფრთხილება და მხოლოდ ამის შემდგომ გამოიტანონ დასკვნები"- ამის შესახებ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, გერმანელი ტურისტებისთვის საქართველოში მგზავრობის თაობაზე გამოქვეყნებული გაფრთხილების შესახებ განაცხადა.
მინისტრის თქმით, განცხადების დიდი ნაწილი სწორედ რომ ეთმობა ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემას და ის საფრთხეები რაზეც მითითებას აძლევენ გერმანელ ტურისტებს, სწორედ გამოწვეულია ამ ტერიტორიების არსებობით, რომელებიც, მათ შორის გაერო-ს უმაღლესმა კომისარმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში მოიხსენია, როგორც შავი ხვრელები.
"ამ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოში მგზავრობისას ტურისტებმა უნდა გაითვალისწინონ ყველაფერი, რასაც ითვალისწინებენ სხვა ევროპულ ქალაქებში ჩასვლისას. ეს არის აბსოლიტურად ზოგადი განცხადება, და მსგავსი ტიპის განცხადებები ასევე გამოქვეყნებულია სხვა ევროპულ სახელმწიფოებთან მიმართებაში"- აღნიშნა მინისტრმა.
რაც შეეხება იმას, რომ ამ განცხადებაში საუბარია ყაჩაღობის საშიშროებაზე, ეს ჩანაწერი ამ განცხადებაში განაპირობა სამწუხარო შემთხვევამ, რომელსაც ადგილი ჰქონდა სვანეთში გერმანელი ტურისტების მიმართ. ისინი გაძარცვეს, მიაყენეს ფიზიკური შეურაცყოფა, რამაც მინისტრის განცხადებით დიდი რეზონანსი გამოიწვია გერმანულ პრესაში. "ამიტომ ყველას გთხოვთ, რომ ტურისტებს, ისევე, როგორც ერთმანეთს მოვეპყროთ ძალიან ფრთხილად, ვიდრე ეს ხდება ცალკეულ შემთხვევებში, რადგან მსგავსი მცირედი შენიშვნები ჩნდება სწორედ ასეთი ინციდენტების შემდგომ"- განაცხადა მინისტრმა.
მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ მსგავს ფაქტებს ადგილი აღარ ექნება.