ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი მიიჩნევს რომ საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორობის" პროექტის ლიდერია. ამის შესახებ მან ლუქსემბურგში განაცხადა, სადაც ლატვიის ინიციატივით გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის არაფორმალური შეხვედრა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრაბთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინი, ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში შტეფან ფულე, ასევე ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამასახურის ხელმძღვანელი ჰელგა შმიდტი.
როგორც ედგარს რინკევიჩისმა აღნიშნა, შეხვედრაზე განიხილეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობათა ფართო სპექტრი, კერძოდ, ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელება და ამ მიმართულებით გადადგმული პირველი ნაბიჯები, რიგის სამიტის მოსამზადებელი პერიოდი, რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის შესაძლო შეთანხმების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, საუბარი ასევე შეეხო საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებს.
„შეხვედრის დასასრულს, ყველნი შევთანხმდით იმაზე, რომ საქართველო ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტის ლიდერია და რომ რიგის სამიტი, რომელიც მომავალი წლის მაისშია დაგეგმილი, უნდა გასცდეს ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებს. ჩვენ ასევე ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის გეგმის დასრულებას. ბევრი რამ დამოკიდებულია როგორც საქართველოზე, ისე ევროკავშირზე"-განაცხადა ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონისთვის შეთავაზებულ შეთანხმებასთან დაკავშირებით გადაიდგმება საპროტესტო ნაბიჯები, როგორც ორმხრივ, ისე ევროკავშირის დონეზე.
შეგახსენებთ ლუქსემბურგში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებთან ქართული მხარის შეხვედრა სწორედ ლატვიის ინიციატივით შედგა.