„რუმინეთის მთავრობის სახელით მინდა დავაფიქსირო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მყარი და უცვლელი მხარდაჭერა. ის ფაქტი, რომ რუსეთი ცდილობს წარმატების მიღწევას გაყინულ კონფლიქტების სფეროში, გასაკვირი არ არის. ჩვენ მკაფიოდ უნდა დავაფიქსიროთ ევროკავშირის პოლიტიკური მხარდაჭერა საქართველოს მიმართ"-განაცხადა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტიტუს კორლეცეანმა.
რუმინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ესწრებოდა ლუქსემბურგში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო უწყების ხელმძღვანელთა არაფორმალურ შეხვედრას.
ტიტუს კორლეცეანის განცხადებით აღნიშნულ შეხვედრაზე განიხილეს რუსეთის ახალი შეთავაზება საქართველოს ოკუპირებული რეჟიმის მიმართ. მისი განცხადებით შეხვედრაზე სწორედ საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების კონტექსტში განიხილეს მთელი რიგი საკითხები რომლებიც ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელებას უკავშირდება.
ტიტუს კორლეცეანმა მოუწოდა ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოს რომ მიბაძონ რუმინეთის მაგალითს და დროზე მოახდინონ ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება, „ამასთან, ჩვენ მხარს ვუჭერთ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის დაჩქარებას, რათა ის რაც შეიძლება მალე გადავიდეს მეორე ფაზაში და მიღწეულ იქნას საქართველოს მოქალაქეთა თავისუფალი მიმოსვლის მიზანი. ეს რუმინეთის მთავრობის მკაფიო პოზიციაა, და მე მას კიდევ ერთხელ ვადასტურებ"- განაცხადა რუმინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. მისივე განცხადებით შეხვედრაზე ასევე დაინტერესდნენ საქართველოში მიმდინარე შიდა პოლიტიკური პროცესებით და სხვადასხვა მიმართულებით მთავრობის საქმიანობით.
ლუქსემბურგში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებთან საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის შეხვედრა ლატვიის ინიციატივით დაიგეგმა.
ლატვია 2015 წლიდან ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა. მსგავს ფორმატში ქართულ მხარესთან ევროკავშირის შეხვედრა პირველად გაიმართა. მას ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინსტრების გარდა ესწრებოდნენ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინი, ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში შტეფან ფულე, ასევე ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამასახურის ხელმძღვანელი ჰელგა შმიდტი.