„რუსეთის ფედერაციის მხრიდან აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმისათვის შეთავაზებული შეთანხმება გახდება ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობისას ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი"-ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ ლუქსემბურგში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მაია ფანჯიკიძემ შეხვედრაზე ევროპელ კოლეგებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია იმ საფრთხეებსა და რისკებზე, რასაც რუსეთის მიერ შეთავაზებული დოკუმენტი შეიცავს. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამოთქვეს საკუთარი შეშფოთება იმის გამო, რომ რუსეთი საქართველოს დასჯას აპირებს მისი ევროპული კურსის გამო. „ვისაუბრეთ იმაზე, რომ ეს საკითხი ერთ-ერთი მთავარი თემა გახდება როგორც რუსეთსა და ევროკავშირს, ასევე რუსეთსა და ევროპის ცალკეულ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობის დროს და რომ რეაგირება ამაზე უნდა მოხდეს ევროკავშირის ერთიანი პოზიციით"-განაცხადა მაია ფანჯიკიძემ. მისი თქმით როგორც საქართველო, ასევე ევროკავშირი ერთიანია იმ პოზიციაში, რომ ძალის გამოყენება არ უნდა განიხილებოდეს არცერთი მხრიდან „არა მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოს აქვს აღებული ძალის არგამოყენების ვალდებულება, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ძალით არანაირი პრობლემის გადაწყვეტა არ შეიძლება. ვისაუბრეთ იმაზეც, რომ ამ ხელშეკრულების მიმართ თავად აფხაზურ საზოგადოებაში, და საოკუპიაციო რეჟიმის მხრიდან არსებობს ნეგატიური დამოკიდებულება, იმიტომ, რომ ეს შეთანხმება არ შეესაბამება მათივე პერსპექტივიდან დანახულ ინტერესებს და რუსეთს მხოლოდ ანექსია აინტერესებს".
ევროპელ კოლეგებთან აღნიშნული შეთანხმების გაფორმების თანმდევ რისკებზე საუბრისას მაია ფანჯიკიძემ აღნიშნა, რომ ეს დააზიანებს, არა მხოლოდ ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატს, არამედ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს რუსეთთან არსებული დიალოგის კიდევ ერთ მიმართულებას, რომელიც კარასინ-აბაშიძის შეხვედრების სახით იმართება.
შეგახსენებთ, რომ 2014 წლის 20 ოქტომბერს ლუქსემბურგში გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის არაფორმალური შეხვედრა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ევროკავშირის უმღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ფედერიკა მოგერინი, ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში შტეფან ფულე და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის უფროსი ჰელგა შმიდტი. არაფორმალური შეხვედრა ლატვიის ინიციატივით შედგა, რომელიც ევროკავშირის მომავალი თავმჯდომარე ქვეყანაა.