საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ქტვაყანში არსებილ ვითარებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ საქართველო წარსულში ბრუნდება რომელიც ხასიატდება ქაოსითა და ნგრევით. როგორც სააკაშვილი აცხადებს ამის მიზეზი არის ის რომ ხელისუფლებას არ გააჩნია მომავლის ხედვა.
,,ყველანი მოწმენი ვართ იმისა, თუ როგორ მიცოცავს ჩვენი ქვეყანა უკან, წარსულისაკენ - იმ პერიოდისკენ, რომელიც მწარედ გვახსოვს ქაოსით, ნგრევითა და განუკითხაობით. ოპოზიციის ლიდერები დაპატიმრებული არიან, ეკონომიკა ყავარჯნებზე დგას, დიდი სამშენებლო და ინფრასტრუქტურული პროექტები გაჩერებულია, ბიუჯეტი ისევ ირღვევა, თავს მშვენივრად გრძნობენ კრიმინალები და კანონიერი ქურდები, რომლებმაც უკვე აღიდგინეს კონტროლი ციხეებზე და დანაშაულებრივ სამყაროზე. წახალისებულია ყველა ჯურის ექსტრემისტი და მოძალადე, რომელიც მზად არის ფიზიკურად გაუსწორდეს განსხვავებული აზრის მატარებელსა თუ უმცირესობის წარმომადგენელს. რაც ყველაზე საგანგაშოა, დღითიდღე ძლიერდება რუსეთის პოზიციები საქართველოსთან მიმართებაში - როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით - მთელს სახელმწიფო სხეულში.თავი და თავი პრობლემისა არის ის, რომ ხელისუფლებას არ გააჩნია მომავლის ხედვა - არ არსებობს ერთიანი, მწყობრი იდეა იმისა, თუ სად და როგორ უნდა გათენდეს ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე. ჩემს მიერ ნაკეთები ყველა საქმის შეჩერების, პოლიტიკური ანგარიშსწორებისა და რეპრესიების მიღმა, არ არსებობს არანაირი მამოძრავებელი იდეა თუ ხედვა იმისა, თუ რისკენ უნდა ისწრაფვოდეს სახელმწიფო.შეგნებულად ეთქვა უარი იმას, რომ გაგვაჩნდეს ეროვნული ამბიცია, რომელიც გაგვაერთიანებდა, როგორც საზოგადოებას და ჩვენს დიდ ეროვნულ ენერგიას მიმართავდა ქვეყნის შენებისა და თავისუფლებისაკენ. ხელიფუფლების გაცხადებული კურსი მიმართულია საქართველოს იდეის დაკნინებისკენ, ისინი ღიად უწუდებენ საქართველოს პატარა სოფელს, უმნიშვნელო ქვეყანას, რომელსაც არ უნდა გააჩნდეს რეგიონული ინტერესები და საერთაშორისო აქტუალურობა. საქართველოს არ ექნება მომავალი, იგი ვერასოდეს იქნება დაცული, თუ ჩვენი ქვეყნის განვითარება არ დაეფუძნა ჩვენს ეროვნულ ღირსებას, სიამაყესა და ამბიციას, რომ გვიწევდნენ ანგარიშს, გვცემდნენ პატივს და ვიყოთ აქტუალური საერთაშორისო ასპარეზზე.
ჩვენი პასუხი ამ სამწუხარო რეალობაზე არ უნდა იყოს დეპრესია, ხელების ჩამოშვება ან თუნდაც გაბრაზება. პირიქით, ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა უნდა ვაქციოთ ჩვენს მოტივატორად იმისათვის, რომ გავერთიანდეთ, ერთად ჩამოვაყალიბოთ ახალი ხედვა ჩვენი ქვეყნის მომავლისათვის და შევათანხმოთ ახალი საქართველოს პროექტი - ქვეყნისა და საზოგადოების განვითარების ყველაზე ეფექტური მოდელი - ყველა წარმატებისა თუ წარუმატებლობის გათვალისწინებით, ზუსტად ისეთი, რომელიც ერთ მუშტად შეგვკრავს და ოპტიმიზმის განცდას დაუბრუნებს საზოგადოებას. საქართველო გაცილებით მეტს იმსახურებს, ვიდრე გაუგებარი ღირებულებების მქონე ადამიანების ხელში სტაგნაციაა, გაცილებით მეტს, ვიდრე გაუგებარი მოტივაციის მქონე ფიგურების მიერ წესიერი, კანონმორჩილი მოქალაქეებისთვის მომავლის იმედის წართმევაა, გაცილებით მეტს, ვიდრე რასაც დღეს ვუყურებთ. ამიტომ, ჩვენ არ გვაქვს ხელების ჩამოშვების უფლება, არ გვაქვს დასაკარგი დრო", _აცხადებს სააკაშვილი და განმარტავს, რომჩვენ ერთად, ყველა პოლიტიკური ძალა, და მთლიანად საზოგადოება უნდა დავფიქრდეთ ყველაზე მნიშვნელოვანზე - როგორი გვინდა იყოს საქართველოს ახალი დღე, დავფიქრდეთ იმაზე, თუ რა გვასწავლა წარსულმა გამოცდილებამ, როგორ აღარ დავუშვათ ძველი შეცდომების განმეორება და როგორ გავაათმაგოთ ის, რაც უდაოდ კარგი იყო.
,,ჩვენი მომავალი ძალისხმევა აღარასოდეს უნდა იყოს მხოლოდ ერთი პარტიის ძალისხმევა. ეს უნდა იყოს მთელი საზოგადოების ჩართულობა ახალი საქართველოს შენებაში, დაფუძნებული პოლიტიკურ პლურალიზმისა და სამოქალაქო პოზიციათა მრავალფეროვნებაზე. ამ ახალი საქართველოს იდეას დღეს წინ აღუდგა ჭორვილელი ოლიგარქი, რომელსაც საქართველოს მომავლის სულ სხვა ხედვა ამოძრავებს. მისი პროგრამა, რუსული ოლიგარქიული მმართველობის მოდელის საქართველოში დანერგვაზეა აგებული და სიცრუითა და პროვოკაციებით, ძალადობითა და პოლიტიკური რეპრესიებით, მოლაპარაკე თავების მოსყიდვითა და თავისუფალი აზრისადმი აგრესიით ოპონენტების განადგურებას და ჩვენ ქვეყანაში პროვინციული დიქტატურის დამყარებას გულისხმობს. რათქმაუნდა ეს მცდელობა ვერ გაიმარჯვებს, თუმცა გამოიწვევს ძალიან დიდ რყევებს საქართველოში.
ივანიშვილისა და მისი „ოცნების" კოლაფსი გარდაუვალია, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ოლიგარქის პროვინციული დიქტატურის ყოველი მორიგი დღე უფრო და უფრო მტკივნეული იქნება საქართველოსთვის. ხელისუფლების რღვევისა და ყველაზე და ყველაფერზე პირადი კონტროლის დაკარგვის საფრთხე, სულ უფრო აგონიურს გახდის ოლიგარქის მოქმედებებს, რაც დიდი რისკების წინაშე დააყენებს ქვეყანას და იმდენად დააზარალებს, რომ მის აღსადგენად ძალიან დიდი, ერთიანი ძალისხმევა დაგვჭირდება. მჯერა, რომ ეს ძალისხმევა - "ოცნების" სახადისაგან განკურნება და ქვეყნის ხელახალი აღდგენა - აღარ და ვეღარ იქნება „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის უბრალო "რიმეიკი". გაცილებით მეტი იქნება საჭირო. საჭირო იქნება ახალი ამბიცია, ახალი ენერგია, ახალი პროექტი, რომელსაც განახორციელებს არა ერთი პარტია, არამედ მთელი საზოგადოება, მათ შორის საზოგადოების ყველაზე კრიტიკულად განწყობილი ნაწილი", _აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.