საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დავით ზალკალიანი საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილესთან ნიკოლას ბერლინერს შეხვდა.
შეხვედრისას მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ჟენევის მოლაპარაკებების პროცესის ფარგლებში არსებულ დინამიკას, მიმდინარე გამოწვევებს და აღნიშნულ პროცესთან ასოცირებულ სხვადასხვა ასპექტს. ასევე მხარებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც.
საუბრისას მხარეებმა განსაკუთრებული აქცენტი ბოლო დროს აფხაზეთის მიმართულებით რუსეთის ფედერაციის გააქტიურებაზე გააკეთეს, რაც გამოიხატება მოსკოვსა და სოხუმს შორის ე.წ. სამოკავშირეო და ინტეგრაციის ხელშეკრულების პროექტის შემუშავებაში.
ამ მხრივ აღინიშნა საერთაშორისო საზოგადოების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობა, რათა თავიდან იქნეს აცილებული საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სიტუაციის ესკალაცია და ხელი შეეწყოს რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების პროცესს.
საუბრისას აშშ-ის მხარემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ ურყევ მხარდაჭერას.
მასალის გამოყენების პირობები