საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, თბილისის მერი დავით ნარმანია ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონული ხელისუფლებათა კონგრესის სესიაზე სიტყვით გამოვიდა. საკუთარ გამოსვლაში ნარმანიამ ყურადღება საქართველოში ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნებზე, ქვეყანაში მიმდინარე ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმასა და მის გაგრძელებაზე გაამახვილა. მისი თქმით, ადგილობრივი არჩევნები უპრეცედენტოდ გამჭვირვალედ და კონკურენტულ გარემოში გაიმართა, რაც კონგრესის მიერ მიღებულ რეზოლუციაშიც ხაზგასმით არის აღნიშნული.
"საქართველოში ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მაღალ ევროპულ სტანდარტებს შეესაბამებოდა. ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველად, არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი მეორე ტურმა გამოავლინა. ჩვენი ინიციატივით, როგორც დედაქალაქში, ისე მუნიციპალიტეტებში, 50%-იანი საარჩევნო ბარიერი დაწესდა. არჩევნების მეორე ტური არა მხოლოდ თბილისში, არამედ საქართველოს მრავალ მუნიციპალიტეტში ჩატარდა, რაც დემოკრატიულად გამართული არჩევნების მკაფიო და ცალსახა დადასტურებაა. ყველაზე მთავარი მონაპოვარი, რაც 2014 წლის ადგილობრივმა არჩევნებმა მოგვიტანა, პირდაპირი წესით არჩეული ადგილობრივი ხელისუფლებებია. დღეს საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და ქალაქს პირდაპირი წესით არჩეული მერი და გამგებელი ჰყავს. ეს კი ნათლად ადასტურებს საქართველოს ხელისუფლების სწრაფვას, დაამკვიდროს პირდაპირი დემოკრატია ქვეყანაში. სამწუხაროდ, ყველა წინამორბედმა ხელისუფლებამ უარი თქვა ადგილობრივი ხელისუფლების არჩევითობის პრინციპზე და მხოლოდ 2014 წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის დაწყების შემდეგ, გახდა ეს შესაძლებელი," - განაცხადა თავის გამოსვლაში ნარმანიამ.
თბილისის მერი 2012 წელს დაწყებულ თვითმმართველობის რეფორმასაც შეეხო. „ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიზანია, ვაქციოთ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა დემოკრატიული პროცესის ერთ-ერთ ქვაკუთხედად საქართველოში. რეფორმის შედეგად, გაიზარდა და მკაფიოდ ჩამოყალიბდა თვითმმართველობის უფლებამოსილება; აღდგა წინა ხელისუფლების დროს დაკარგული ბალანსი ქალაქის წარმომადგენლობით ორგანოსა და აღმასრულებელ რგოლს შორის, დაზუსტდა მათი უფლებამოსილებები და კომპეტენციები; ჩამოყალიბდა 7 ახალი თვითმმართველი ქალაქი. ჯამში, დღეისათვის 12 თვითმმართველი ქალაქია. ამჟამად აქტიურად ვმუშაობთ ფისკალურ დეცენტრალიზაციაზე; ვცდილობთ, დავხვეწოთ ქონების გადმოცემის წესი და აღმოვფხვრათ ამ სფეროში ადრე არსებული საკანონმდებლო ვაკუუმი; სულ ახლახან შეიქმნა ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის სახელმწიფო კომისია, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. კომისია თვითმმართველობის შემდგომ გაძლიერებაზე იზრუნებს", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
დელეგაციის ხელმძღვანელმა მრავალმხრივი თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა ევროპულ ინსტიტუტებთან, პირველ რიგში, ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესთან, რათა ადგილობრივი თვითმმართველობის ყოვლისმომცველი რეფორმის პროცესი კიდევ უფრო შედეგიანი და წარმატებული იყოს.
ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესმა საქართველოში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნები პოზიტიურად შეაფასა
61-ით 1-ის წინააღმდეგ ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესმა საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით რეზოლუცია დაამტკიცა. კონგრესმა საქართველოში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნები პოზიტიურად შეაფასა. რეზოლუციაში ნათქვამია:
1. კონგრესი მიესალმება იმ ფაქტს, რომ დაძაბული წინასაარჩევნო გარემოს მიუხედავად, 2014 წლის 15 ივნისის არჩევნები ზოგადად ჩატარდა მშვიდ და წყნარ გარემოში, მცირე ადგილობრივი ინციდენტებისა და ცალკეული დარღვევების გათვალისწინებით.
2. კონგრესი მოხარულია, აღნიშნოს რომ საარჩევნო გარემო, კერძოდ ჟურნალისტებისთვის შექმნილი სამუშაო გარემო და ამომრჩეველთათვის მიცემული შესაძლებლობა, რომ ყოველგვარი ძალადობის გარეშე აერჩიათ და ჩაეგდოთ ბიულეტინი საკუთარი ნება-სურვილის შესაბამისად, გაუმჯობესებული იყო წინა ადგილობრივ არჩევნებთან შედარებით.
3. იგი, ასევე, აღიარებს საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას, რომელიც მიმართული იყო საარჩევნო გაყალბების აღკვეთისკენ, ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი ახალი სისტემის, რომელიც სიასთან ერთად მოიცავს მათ ციფრულ ფოტო-სურათებს, შემუშავების გზით.
4. კონგრესი განსაკუთრებით მიესალმება იმ ფაქტს, რომ მერები და გამგებლები აირჩნენ პირდაპირი წესით, 50% პლიუს ერთი ხმით, და შესაბამისად, ისინი არჩეულნი იყვნენ არჩევნებში მონაწილე მოქალაქეების უმრავლესობით. აღნიშნული ხელს უწყობს მათ ანგარიშვალდებულებას და კონკურენტუნარიან გარემოს, რაც თავის მხრივ, იყო კონგრესის რეკომენდაციებშიც.
5. კონგრესი ხაზს უსვამს, რომ შემდგომი წინსვლა შესაძლოა განხორციელდეს საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწის გზით და საარჩევნო მენეჯმენტის პრაქტიკული მხრის გაუმჯობესებით. შესაბამისად, მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ: გადახედოს საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესს, რათა უზრუნველყოს სამმთავრობო და ოპოზიციურ პარტიათა მეტად თანაბარი წარმომადგენლობა; საშუალება მიეცეს დამოუკიდებელ კანდიდატებს, რომ მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში საინიციატივო ჯგუფების შექმნის გზით და საინიციატივო ჯგუფებს საშუალება მიეცეთ, დაასახელონ მერობის/გამგებლობის კანდიდატები; გააძლიერონ უწყებათაშორისი კომისიის ნდობის აღდგენის პროცესი და ეფექტურობა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის. უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებისა და განხორციელების გზით, გაზარდონ ამ უწყების უმაღლესი აღმასრულებელი რგოლის დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა. გააძლიეროს საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიების ტრენინგ-პროგრამები, რათა გააუმჯობესოს საარჩევნო დოკუმენტაცია და დათვლის პროცედურები; გადახედოს შესაბამის სპეციალურ სამართლებრივ ნორმებს, მათ შორის ბინადრობის მოპოვების წინაპირობების შესახებ პასიური საარჩევნო უფლების ადგილობრივ დონეზე გამოყენების ჭრილში, პირდაპირი წესით არჩეულ მერებთან და გამგებლებთან დაკავშირებული ხმის მიცემის თანასწორობის კუთხით. შემდგომ არჩევნებთან დაკავშირებით, სახელმწიფომ შეიმუშაოს უფრო აქტიური პროცედურები აგრესიული რიტორიკის, ძალადობრივი ქმედებისა და საარჩევნო კამპანიაში ჩართულ პირებზე ზეწოლის პრევენციის მიზნით.