შვეიცარიის კონფედერაციაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა შეხვედრა ქ. ბერნის მერთან, ალექსანდერ ჩეპეტთან გამართა. ქალაქის მერმა ქართულ დელეგაციას მერიის შენობაში, ,,ერლახენჰოფის" სასახლეში უმასპინძლა.
ალექსანდერ ჩეპეტმა პარლამენტის თავმჯდომარეს გააცნო ბერნის სტრუქტურული მოდელი, ასევე გაიმართა მსჯელობა საქართველოსთვის საინტერესო ქალაქის სოციალური მოწყობის სპეციფიურ საკითხებზე. საუბარი შეეხო ქ. თბილისის მერის მომავალ ვიზიტსაც, რომელიც სავარაუდოდ მომავალი წლის დასაწყისში გაიმართება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბერნის მერი, რომელიც ამავდროულად შვეიცარიის კონფედერაციის ფედერალური ასამბლეის წევრია, პარლამენტის სხვა წევრებთან ერთად საქართველოში მოიწვია.