მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა ზღვრული რაოდენობის შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში" ცვლილება შედის. წარმოდგენილ კანპროექტზე იმსჯელებენ დღეს საპარლამენტო კომიტეტებში. ცვლილების მიხედვით, მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა ზღვრული რაოდენობა დაზუსტდა. კანონპროექტის ავტორების აზრით, აღნიშნული ცვლილებით თავიდან იქნება აცილებული მუნიციპალიტეტის მოსამსახურეთა არსებული რაოდენობის არსებითი ცვლილება, თუმცა დაწესდება შეზღუდვა შტატების გაზრდის თავიდან ასაცილებლად.
განისაზღვრა მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა ზღვრული რაოდენობის მარეგულირებელი „ფორმულა", რომლის მიხედვით, გამგეობის/მერიის და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა საშტატო ნუსხებით გათვალისწინებულ ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა საშტატო რაოდენობაა არანაკლებ 30 ერთეულისა.
იმ მუნიციპალიტეტებში კი, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა არის 45 000 კაცზე ნაკლები, საჯარო მოსამსახურეთა საშტატო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული მინიმალური რაოდენობის (30 საშტატო ერთეული), შესაბამის საკრებულოში 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის დადგენილი მაჟორიტარული ოლქების რაოდენობის 3.2 კოეფიციენტზე ნამრავლისა და თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ყოველ 450 ამომრჩეველზე ერთი საშტატო ერთეულის დამატებით მიღებულ ჯამს.
ხოლო, იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა არის 45 000 კაცზე მეტი, საჯარო მოსამსახურეთა საშტატო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საჯარო მოსამსახურეთა მინიმალური რაოდენობის (30 საშტატო ერთეული), შესაბამის საკრებულოში 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის დადგენილი მაჟორიტარული ოლქების რაოდენობის 2.3 კოეფიციენტზე ნამრავლისა და თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ყოველ 500 ამომრჩეველზე ერთი საშტატო ერთეულის დამატებით მიღებულ ჯამს.
აღნიშნული ფორმულით თავიდან იქნება აცილებული მუნიციპალიტეტის მოსამსახურეთა არსებული რაოდენობის არსებითი ცვლილება, თუმცა დაწესდება შეზღუდვა შტატების გაზრდის თავიდან ასაცილებლად.