დღეს ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესი 27-ე სესიაზე, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე იმსჯელებს. კონგრესის წევრები მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელის, ჯოს ვიენენის მოხსენებას მოისმენენ, რის შემდეგაც გაიმართება დებატები.
დღესვე კონგრესი მიიღებს რეზოლუციას, რომელშიც რეკომენდაციების სახით კონგრესის წინადადებები იქნება დაფიქსირებული.
დაგეგმილია, ასევე, დავით ნარმანიას სიტყვით გამოსვლა, რომელშიც ის როგორც ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებზე, ისე საქართველოში მიმდინარე თვითმმართველობის რეფორმაზე ისაუბრებს.
დავით ნარმანიას განცხადებით, მონიტორინგის ანგარიშის პირველადი ვერსიით, მონიტორინგის კომიტეტი დადებითად აფასებს თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობას საქართველოში.
„ჩვენი ინფორმაციით, ეს არის ძალიან პოზიტიური ანგარიში, რომლის მსგავსიც, პრაქტიკულად, დღემდე არ ყოფილა. რეკომენდაციები, რომელსაც, სავარაუდოდ, მივიღებთ, საარჩევნო ადმინისტრაციის საკითხების მოგვარებას და საარჩევნო პროცედურების კიდევ უფრო დახვეწას ითვალისწინებს, რასაც ჩვენც ვეთანხმებით. სხვა მხრივ, მონიტორინგის კომიტეტი მაღალ შეფასებას აძლევს თვითმმართველობის არჩევნებს," - განაცხადა თბილისის მერმა.
„ყველაზე მნიშვენლოვან განსახილველ საკითხებს შორის სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული არჩევნებია, მათ შორის, არის საქართველოში ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. მოვისმენთ მონიტორინგის კომიტეტის ანგარიშს, რომელიც საქართველოში არჩევნებს აკვირდებოდა. ასევე, გაიმაართება დებატები, ხოლო ამ დისკუსიების შედეგი იქნება რეკომენდაციები, რათა საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა კიდევ უფრო გააუმჯობესოს სტანდარტი, რომელიც ახლა არსებობს", - განაცხადა მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ჯოს ვიენენიმ.
სესიაზე სპეციალური სტუმრის სტატუსით, ასევე, იმყოფება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, თენგიზ შერგელაშვილი, რომელიც კონგრესის წევრებს, რეზოლუციის დამტკიცების შემდეგ, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის ანგარიშს და რეფორმასთან დაკავშირებით სამომავლო გეგმებს გააცნობს.
დელეგაცია საქართველოში 15 ოქტომბერს დაბრუნდება.