საქართველოში აშშ-ის საელჩო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 29-ე რაუნდთან დაკავშირებით განცახდებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ აშშ-მა მონაწილეობა მიიღო ჟენევის 29-ე საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოში კონფლიქტის თაობაზე. აშშ კმაყოფილია ძირითად საკითხებზე მონაწილეების თანა-თავმჯდომარეებთან მუშაობის მზადყოფნით, თუმცა აშშ საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებებს ყველა მაცხოვრებლის ადამიანთა უფლებების დაცვისაკენ მოუწოდებს.
,,ჩვენ კმაყოფილი დავრჩით სამუშაო ჯგუფების კონსტრუქციული დიალოგით და ძირითად საკითხებზე მონაწილეების თანა-თავმჯდომარეებთან მუშაობის მზადყოფნით. მომავალმა მოლაპარაკებებმა "ბორდერიზაციის" უკუქცევის პროცესში პროგრესამდე უნდა მიგვიყვანოს. უნდა მოიხსნას თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის გასწვრივ და ამოქმედდეს საქართველო რუსეთს შორის არსებული შეთანხმება ძალის გამოუყენებლობის თაობაზე. ჩვენ მოვუწოდეთ საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებებს ყველა მაცხოვრებლის ადამიანთა უფლებების დაცვისაკენ. იმედი გვაქვს, რომ მონაწილეები განხილულ ჰუმანიტარულ საკითხებთან დაკავშირებით მიღებულ კონსტრუქციულ მიდგომას გაითვალისწინებენ.აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოუწოდებს რუსეთს შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში აღებული ვალდებულებები", _ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 7-8 ოქტომბერს საქართველოს დელეგაციამ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ზალკალიანის ხელმძღვანელობით, მონაწილეობა მიიღო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების რიგით 29-ე რაუნდში.