უკრაინულ გამოცემა პუბლიკაციაში გადმოცემულია საფრანგეთში მცხოვრები რუსი პოეტის, მსახიობისა და დრამატურგის იური იურჩენკოს თავგადასავალი, რომელიც უკრაინაში, რუსულენოვანი მოლაშქრეების მხარეზე ქალაქ ილოვაისკში მოხალისედ იმყოფებოდა, მოგვიანებით კი უკრაინის არმიის მებრძოლებმა ტყვედ აიყვანეს, წერს „მოსკოვსკიი კომსომოლეცი" (ავტორი - მარინა პერევოზკინა).
„ჩემი ტყვეობა ორ ნაწილად შეიძლება გავყოთ: პირველი ვასილი გროსმანის რომანს ჰგავს, მეორე კი გიორგი დანელიას ფილმს... გამიყვანეს პირველ დაკითხვაზე. ვხედავ, ქართველი ზის, ალბათ, 40 წლისა იქნებოდა. მივხვდი, რომ რაღაც შანსი გამიჩნდა, მე ხომ საქართველოს ძალიან კარგად ვიცნობ, ქართველი პოეტების ლექსები ბევრი მითარგმნია... ქართველს „ირაკლი გურგენოვიჩს" ეძახიან, გვარი ვერ დავადგინე. იგი ბატალიონ „დონბასში" დაზვერვის კონსულტანტად მსახურობს. მერე გავიგე, რომ 22 წელი თურმე დაზვერვაშია, აფხაზეთსა და ოსეთში უბრძოლია, შეერთებულ შტატებში სწავლობდა, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში კი საქართველოში მაღალი თანამდებობები ეკავა. იმ დღეს, როცა დამატყვევეს, მას დაბადების დღე ჰქონია და მისი მეგობრების საუბარში სიტყვა „სვანი" მესმოდა
(ავტორის შენიშვნა: აშკარაა, რომ საუბარია ვიცე-პოლკოვნიკ ირაკლი ქურასბედიანზე, რომელიც 2008 წელს საქართველოს სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსი იყო, მას სვანური გვარი აქვს).
ირაკლი მეკითხება: „ვინ ხარ, საიდან მოხვედი, ყველაფერი მოჰყევი". ვპასუხობ: „ოდესაში დავიბადე, კოლიმაზე გავიზარდე, ჩემი პირველი წიგნი თბილისში დაიბეჭდა, გამომცემლობა „მერანში". მეკითხება: „ქართული იცი?". როცა დავიწყე გალაქტიონ ტაბიძის „მესაფლავის" ზეპირად მოყოლა, მან გაკვირვებისაგან პირი დააღო. მოგვიანებით მითხრეს, რომ იგი იმ სოფლიდან ყოფილა, სადაც გალაქტიონ ტაბიძეა დაბადებული, „მესაფლავე" იმანაც ზეპირად იცოდა. ეს მისთვის წმიდათა-წმინდაა. მთხოვა ჩემთან ერთად სურათის გადაღება, „დედაჩემს ვაჩვენებ და თავს გავიმართლებ მის წინაშე, რას ვაკეთებდი ამ ომშიო".
მოკლედ, ეს ყველაფერი შემდეგ მითხრეს, მაგრამ დაკითხვის მომენტში ირაკლი მეუბნება: „სამხედრო კორესპონდენტის კვალობაზე თავს მტკიცედ იჭერთ, ანუ თქვენ პროფესიონალი ხართ? როდის წახვედით საზღვარგარეთ? 80-იანი წლების ბოლოს? ესე იგი ან „კაგებე"-ს ან „გრუ"-ს ემსახურებით". მე ვპასუხობ, რომ „ინტერნეტი გახსენით და იქ ჩემს ლექსებს წაიკითხავთ, პიესებს... სად მქონდა გრუ-სა და კაგებე-ს დრო-მეთქი, ავტომატის ხელში წესიერად დაჭერაც არ ვიცი". „არც გჭირდებაო", - მითხრა, - გრემ გრინიც და სომერსეტ მოემიც მწერლები იყვნენ, მაგრამ ორივე ბრიტანეთის დაზვერვასთან თანამშრომლობდა...". აიღო ტელეფონი და ჩემს შესახებ ვიღაცას, მგონი კიევში მინისტრს ურეკავს: „95%-ით ვიცი, რომ ეს კაცი პროფესიონალი აგენტია". იმ ვიღაცამ, როგორც ჩანს, უთხრა, რომ ჩემთან მოიყვანეო. ვეკითხები: „რას მიშვრები, კაცო, მღუპავ?". მეუბნება: „მე თქვენს გადარჩენას ვცდილობ, ყველა სხვა შემთხვევაში ცოცხალი ვერ გადარჩები".
მეორე დღეს ირაკლიმ ყავარჯნები მომიტანა...
წამიყვანეს ქალაქ კურახოვოში, სადაც სარდაფში ჩამამწყვდიეს. დაცვა ძალიან მკაცრად იქცეოდა. ერთ-ერთი სადისტი იყო, თავიც იმ ტიპმა გამიტეხა. სისხლი თქრიალით მომდიოდა... საბედნიეროდ, ჩემი გამყოლი მალე მოვიდა და მიშველა...
ერთ მშვენიერ დღეს, როცა ჩემი საქმის გამომძიებელი სადღაც დავალებაზე გაგზავნეს, უცებ ირაკლიმ მინახულა. ვიღაცეებს დაელაპარაკა, სარდაფიდან სუფთა ჰაერზე ავიყვანო და ზემოთ რომ ავედით, მეუბნება: „მორჩა, თქვენ იქ აღარ დაბრუნდებით", ჩამაჯინა მანქანაში და წამიყვანა. აი, ამ მომენტიდან ჩემს თავგადასავალში „დანელიას პერიოდი" იწყება. ქართველები ერთ კვირას მმალავდნენ, სხვადასხვა ადგილზე მანქანით გადავყავდი, მომცეს ნატოს სამხედრო ფორმა, ვცხოვრობდი გიორგი გიორგაძის საბუთებით. ჩემი გამომძიებელი რომ დაბრუნებულა, მეძებდა თურმე, ირაკლისთვისაც დაურეკავს, მაგრამ ირაკლი ყურმილს არ იღებდა. კიევში მინისტრს ჩემი ჩაყვანა მოუთხოვია, ქართველებმა კი ჩემს გაცვლაზე [ფარული] მოლაპარაკება დაიწყეს.
ვიცოდი, რომ ჩემს შესახებ უკვე ხამაური იყო ატეხილი, ინფორმაციები ვრცელდებოდა. სამ კაცზე გადამცვალეს - ერთ ქართველზე და „დონბასის" ორ მეთაურზე. ფაქტია, რომ ირაკლი ჩემს გამო კიევთან კონფლიქტზე წავიდა. მათთან ერთი კვირა ვიყავი. ისინი პროფესიონალი სამხედროები არიან, იციან ღირსება და ადამიანის დაფასებაც. ბრძოლის დროს გესვრიან, მაგრამ ტყვედ თუ ჩავარდები, ადამიანურად მოგექცევიან. ექიმთანაც დავყავდი ხოლმე. მარიუპოლში ექიმს მოელაპარაკნენ და ჯანმრთელობა გამომიკვლიეს. მე მათ ქართველი პოეტების ჩემს მიერ თარგმნილ ლექსებს ვუკითხავდი, ისინი კი ქართულ სიმღერებს მიმღეროდნენ. ამ სიმღერებით ჯავშნიან მანქანებში მსხდომნი დავდიოდით უკრაინის საომარ გზებზე. ნეკნები რომ არ მქონოდა ჩატეხილი, საკმაოდ მხიარული ისტორია იქნებოდა.
ჩემს სიცოცხლეს პირადად ირაკლის უნდა ვუმადლოდე. თავისი კონტაქტების წყალობით მან კიევისაგან ფარულად გადამცვალა. ვიცი, რომ საკითხი ჭიანურდებოდა, ირაკლიმ ნერვიულობა დაიწყო. ერთხელ მესმის, რომ მან ვიღაცას უთხრა: „დღეს, შვიდ საათზე, თორემ მერე პრობლემები იქნებაო". გაცვლა ბლოკ-პოსტთან უნდა მომხდარიყო, შვიდი საათიდან ღამის 12 საათამდე. ქართველებმა პროდუქტები მოიტანეს. მოვიდა მანქანა, ფარები აანთო და ჩააქრო. გადმოვიდა „დონეცკის რესპუბლიკის" წარმომადგენელი, ვინმე ვიტალი (მეტსახელი „პიტერი") და ირაკლის საუბარი დაუწყო. მერე სამი კაცი მოიყვანეს... სამივემ ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით და სიკეთე ვუსურვეთ. მე იმავე მანქანით დონეცკში მიმიყვანეს".
მასალის გამოყენების პირობები