თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ალიანსის ჯარების განთავსებასთან დაკავშირებით ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება და მას აბსოლუტურად ლოგიკურს უწოდებს.
,, პირველ რიგში, მივესალმები ნატოს ახალი გენერალური მდივნის ბატონი იენს სტოლტენბერგის ამ განცხადებას. სხვა რომ ეთქვა ეს იქნებოდა გასაკვირი. ჩვენ უელსის სამიტზე, როგორც ნატოს წევრები, ასევე პარტნიორები შევთანხმდით, რომ იმ საფრთხეს რაც რეგიონშია რუსეთის აგრესიის კუთხით უნდა დაუპირისპიროთ არა მხოლოდ ფინანსური სანქციები, არამედ სამხედრო შემაკავებელი და სამხედრო შემაკავებელი ნიშნავს იმას, რომ ნატოს წევრებმა უნდა გააძლიერონ საკუთარი სუვერენული ტერიტორიების უფრო დიდი სამხედრო შენაერთებით დაცვა და როგორც ბალტიისქვეყნებში ისე სხვა აღმოსავლეთის ევროპის ქვეყნებში უკვე კონკრეტული ნაბიჯებია გადადგმული ამასთან დაკავშირებით და ასევე პარტნიორ ქვეყნებს უნდა დაეხმარონ საკუთარი თავდაცვითი შესაძლებლობების ამაღლებაში. რაც შეეხება ნატოს ორმხრივ, თუ მრავალმხრივ ბაზებს, ერთობლივ წვრთნებს ეს გადასაწყვეტია ნატოსი და ადგილსამყოფელი ქვეყნის იქნება ეს საქართველო თუ ნებისმიერი სხვა ქვეყანა. ამიტომ აბსოლუტურად მისასალმებელი და ლოგიკურია მისი ეს განცხადება", _განაცხადა ალასანიამ.
ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსი საკუთარ ჯარებს განათავსებს ყველგან, სადაც კი მოესურვება. ამის შესახებ, იენს სტოლტენბერგმა პოლონეთში ვიზიტისას, ადგილობრივ ტელევიზიასთან საუბრის დროს განაცხადა.