აჭარაში ტურისტული ნაკადის ზრდის ფონზე მომხარებელი გაეზარდა აჭარის მაღალმთიანეთში განთავსებულ საოჯახო მეურნეობებსაც, სადაც ტურისტებს გარდა ღვინისა აჭარული კერძების დაგემოვნების საშუალებაც აქვთ. ქედის რაიონში მდებარე, შერვაშიძეების მარანში აცხადებენ, რომ წელს 9 თვეში 3000 ტურისტს მოემსახურნენ, ეს იმ ფონზე, როდესაც 2013 წელს მარანს სულ 2000-მდე ტურისტი სტუმრობდა.
საოჯახო მარანში ერთი კაცის მომსახურება 15-დან 60 ლარამდე ჯდება, თუმცა ფასი დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი კერძების დაგემოვნება სურს ტურისტს. საოჯახო მეურნეობაში მისულ ტურისტს კი ძირითადად იმ კერძებს სთავაზობენ, რომელიც აჭარის რეგიონისთვისაა დამახასიათებელი. რაც შეეხება ღვინოს - ძირითადი მოთხოვნა მაინც ჩხავერის ჯიშის ყურძნისგან დამზადებულ ღვინოზე კეთდება, რომელიც აჭარისთვისაა დამახასიათებელი. შერვაშიძეების მარანში 1 ლიტრი ჩხავერის ყურძნისგან დამზადებული ღვინის ფასი 20 ლარია, ეს იმ ფონზე, როდესაც მაღაზიებში კომპანიები 1 ბოთლ ასეთ ღვინოს 50 ლარის ფარგლებში ყიდიან.
როგორც შერვაშიძეების მარნის დამფუძნებელი ნოდარ შერვაშიძე აცხადებს, მისი საოჯახო მეურნეობა 700 ძირ ჩხავერს მოიცხავს, რაშიც 2004-2006 წლებში 50 ლარის ინვესტიცია განახორციელა. იმავდროულად, ჩხავერის გარდა მეურნეობა ცოლიკაურის ჯიშის ყურძენსაც აერთიანებს. მარანთან ერთად მეურნეობაში განთავსებულია სასტუმრო, რომელიც ამ დროისათვის სტუმრების მისაღებად ბოლომდე მზად არ არის, თუმც როგორც მეპატრონე აცხადებს, სასტუმრო ფუნქციონირებას მალე დაიწყებს და სრულყოფილ პაკეტს შესთავაზებს ტურისტებს.
"როგორც მეცნიერები ამბობენ, თავად ყურძენი მენდელევის სისტემის ყველა ელემენტს შეიცავს. ამბობენ, რომ ამ ღვინოს სტალინიც სიამოვნებით მიირთმევდაო. გურულები და აჭარლები კიდე სულ დაობენ, თუ ვინ უგზავნიდა კრემლში ჩხავერის ჯიშის ყურძნის ღვინოს სტალინს, თუმცა მე რომ მკითხოთ ესენი იყვნენ - აჭარლები", - გვიყვება აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ეგიდით მოწყობილი მედიატურის ფარგლებში ჩასულ ჟურნალისტებს ნოდარ შერვაშიძე.
წელს ჩხავერი ყურძნის ფასი ალბად შედარებით მაღალი იქნება, რადგანაც სტიქიამ მოსავალი გაანადგურა. გასულ წელს 1 კგ ჩხავერის ყურძნის ფასი 3,5 - 4 ლარი იყო.
რაც შეეხება შერვაშიძეების საოჯახო მარანს, უცხოელი ვიზიტორების მხრივ საკმაოდ მრავალფეროვნებით გამოირჩევა. აჭარული კერძების და მით უმეტეს ნატურალური პროდუქტების დასაგემოვნებლად საოჯახო მეურნეობას ვიზიტორები დსთ-სა და ევროკავშირის ქვეყნებიდან მრავლად აკითხავენ. მეურნეობის მეპატრონე ამბობს, რომ წელს უკვე ამერიკელ სტუმრებსაც უმასპინძლა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ნოდარ შერვაშიძის მარანი საოჯახო ღვინოების ფესტივალზე გამარჯვებულია ნომინაციაში - "საუკეთესო მარანი".