საქართველოს შეიარაღებული ძალების მეხუთე ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონი უკვე ავღანეთშია. ქართველი ჯარისკაცები ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში, მომავალი 6 თვის განმავლობაში ბაღრამის საავიაციო ბაზაზე ISAF-ის მისიას შეასრულებენ.
ამ ეტაპზე 51-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის პირადი შემადგენლობა, ამერიკელი და ქართველი ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით, ბაღრამის საავიაციო ბაზაზე შემაჯამებელ სწავლებას გადის. ბაზაზე ქართული კონტინგენტის განთავსება გეგმის მიხედვით ხორციელდება.
ნატოს ეგიდით წარმოებულ ISAF-ის საერთაშორისო ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად ქართულმა ქვედანაყოფმა ხუთთვიანი ინტენსიური მომზადება ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში" გაიარა. 51-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობა გერმანიის ქალაქ ჰოჰენფელსშიც იმყოფებოდა, სადაც სამხედრო წვრთნებს აშშ-ის გაერთიანებული მრავალეროვანი მზადყოფნის ცენტრში (JMRC) ერთი თვის მანძილზე გადიოდა. ჯარისკაცების მომზადების დონე და მათი მზადყოფნა კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად დადებითად შეაფასეს როგორც ცენტრის ექსპერტებმა, ისე ამერიკელი საზღვაო ქვეითების მრჩეველთა ჯგუფმა.
მასალის გამოყენების პირობები