მიმდინარე წელს თამბაქოს აქციზის ფასის ზრდაც იგეგმება, რაც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია თამბაქოზე ხელმისაწვდომობის შესამცირებლად.
ამირან გამყრელიძის განმარტებით, საქართველოში თამბაქოს აქტიური მოხმარებით გამოწვეული დაავადებებით 11 ათასი ადამიანი იღუპება, ხოლო პასიური მოწევისგან გამოწვეული დაავადებებით დაღუპულთა რიცხვი 3 ათასს შეადგენს.
როგორც გამყრელიძე 2010 და 2014 წლებში ჩატარებული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით განმარტავს, 2010 წლის მონაცემებთან შედარებით, თამბაქოს მომხმარებელთა რიცხვმა იკლო. მისივე თქმით, გამოკითხულთა უმეტესობა თამბაქოსგან თავისუფალი ბარ-რესტორნების, სამედიცინო გაფრთხილებებისა და თამბაქოს პოპულარიზაციის სრული აკრძალვის მომხრეა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის განცხადებით, შექმნილია თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების გაძლიერებების სახელმწიფო კომისია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, ასევე, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, დამტკიცდა თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სტრატეგია და სტრატეგიის 5 წლიანი სამოქმედო გეგმა, რომელთა მიზანიც თამბაქოს მოხმარების პრევენცია და შემცირება, თამბაქოსგან თავისუფალი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების რაოდენობის გაზრდა, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მეორადი კვამლის ზემოქმედების შემცირება, სახლის პირობებში მეორადი კვამლის ზემოქმედების შემცირება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლებაა. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ცვლილებები შედის საქართველოს კანონში „თამბაქოს კონტროლის შესახებ", საქართველოს კანონში „რეკლამის შესახებ", საქართველოს კანონში „მაუწყებლობის შესახებ", „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა" და „საქართველოს საგადასახადო კოდექსში".
ამირან გამყრელიძის თქმით, მიმდინარე წელს იგეგმება თამბაქოს აქციზის ფასის ზრდაც, რაც, მისივე განმარტებით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია თამბაქოზე ხელმისაწვდომობის შესამცირებლად. „საჭიროა მრავალსექტორული თანამშრომლობის გაძლიერება. თამბაქოს ცალკე ვერ მოერევა ვერც ჯანდაცვის, ეკონომიკური თუ სხვა სექტორები. ეს არის მრავალსექტორული მიმართულება, სადაც საჭიროა განათლება, სპორტი, მეცნიერება, ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ჩართულობა, საერთაშორისო ცოდნის გაზიარება და მხარდაჭერის გაძლიერება", - აღნიშნა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა.