2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში, ასიგნებები 9 350.0 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა. მათ შორის: საბიუჯეტო სახსრები შეადგენს 8 575.0 მლნ ლარს, გრანტები 95.0 მლნ ლარს, ხოლო კრედიტები 680.0 მლნ ლარს.
სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ჯამური მოცულობა შეადგენს 7 891.0 მლნ ლარს, მათ შორის:
შრომის ანაზღაურება - 1 372.4 მლნ ლარი; საქონელი და მომსახურება - 912.2 მლნ ლარი; პროცენტი - 360.1 მლნ ლარი; სუბსიდიები - 204.5 მლნ ლარი; გრანტები - 1 171.6 მლნ ლარი; სოციალური უზრუნველყოფა - 2 653.0 მლნ ლარი; სხვა ხარჯები - 1 217.3 მლნ ლარი.
ფინანსთა მინისტრის განმარტებით, შრომის ანაზღაურების მუხლით გათვალისწინებული ასიგენებები გაზრდილია 53,7 მლნ ლარით, მაგრამ აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ზრდა არ არის დაკავშირებული რომელიმე უწყებაში ხელფასების მატებასთან.
"საჯარო სამართლის იურიდიული პირების ნაწილი, ბიუჯეტიდან მიმდინარე ხარჯებისთვის გამოყოფილ თანხას ხარჯავდა "სუბსიდიები"-ს მუხლით და არ იყო დეტალურად გაშიფრული თუ რამდენი იხარჯებოდა მათ შრომის ანაზღაურებაზე და სხვა მიმდინარე ხარჯებზე, რის საშუალებასაც იძლეოდა მოქმედი კანონმდებლობა.
ბიუჯეტის გამჭირვალობის გაზრდის მიზნით, საჯარო სამართლის იურიდიული პირების ნაწილის მიმდინარე ხარჯების დაფინანსება, ნაცვლად სუბსიდიის მუხლისა გათვალისწინებულია ეკონომიკური კლასიფიკაციის შესაბამის მუხლებში, რის გამოც მხოლოდ კულტურის სამინისტროში შრომის ანაზღაურების ფონდი გაზრდილია 49,9 მლნ ლარით, ხოლო სუბსიდიები შემცირებულია 53,1 მლნ ლარით", - განმარტავენ ფინანსთა სამინისტროში.