ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) პოლიტიკურ და სამართლებრივ საკითხთა და ეკონომიკური, ვაჭრობის, ტექნოლოგიური და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტების სხდომები გაიმართება. კონფერენციას მისასალმებელი სიტყვით საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი, დავით საგანელიძე მიმართავს.
ათი წევრი ქვეყნის საპარლამენტო დელეგაცია პოლიტიკური კომიტეტის სხდომაზე შავი ზღვის რეგიონში მცირე ბიზნესის განვითარებაში პარლამენტების საკანონმდებლო მხარდაჭერის როლზე იმსჯელებენ. ეკონომიკური კომიტეტის სხდომაზე, კოლეგების წინაშე ძირითადი მოხსენებით თემაზე - „PABSEC-ის წევრი ქვეყნების როლი შავი ზღვის რეგიონში სატვირთო და საერთაშორისო სამგზავრო გადაზიდვების განვითარებასა და მოწესრიგებაში" - საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი, ზურაბ მელიქიშვილი წარსდგება. კონფერენციის დასკვნით ნაწილში კომიტეტის წევრები მომავალი საკომიტეტო მოსმენების ადგილს და დღის წესრიგს განსაზღვრავენ და შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის 2015 წლის განრიგზე იმსჯელებენ.
საპარლამენტო ასამბლეის მონაწილეები 30 სექტემბერს სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტს მოინახულებენ და ბათუმის იუსტიციის სახლს დაათვალიერებენ.
შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტების სხდომებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის აჭარის მაჟორიტარი დეპუტატები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.
შეგახსენებთ, რომ შავი ზღვის საპარლამენტო ასამბლეა (PABSEC) 1993 წელს წევრი ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოებს შორის ურთიერთობების განვითარებისა და BSEC-ის ფარგლებში დასახული მიზნების განხორციელებისთვის სამართლებრივი მხარდაჭერისა და ჰარმონიზაციის მიზნით შეიქმნა. მისი შტაბ-ბინა ქ. სტამბოლში მდებარეობს.