საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილი „საერთაშორისო დავების მშვიდობიანი გადაწყვეტის შესახებ" 1907 წლის კონვენციაზე იმსჯელეს დ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე და პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად მის გატანას ერთხმად დაუჭირეს მხარი. ‘როგორც იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ განაცხადა, ეს კონვენცია წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ძველ კონვენციას და იგი ეფუძნება ანალოგიური სახელწოდების 1899 წლის კონვენციას. სწორედ მის საფუძველზე დაარსდა ჰააგის მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო სასამართლოც, რომლის წევრი 115 სახელმწიფოა.
აღსანიშნავია, რომ 1994 წლიდან ჰააგის მუდმივმოქმედ საარბიტრაჟო სასამართლოსთან ფინანსური დახმარების ფონდი არსებობს, რომლის მიზანია განვითარებად ქვეყნებს საარბიტრაჟო ხარჯების დაფარვაში დაეხმაროს. ალექსანდრე ბარამიძის განცხადებით, ჰააგის მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო სასამართლოს წევრობა ჩვენს ქვეყანას გზას გაუხსნის საარბიტრაჟო სასამართლოსთან არსებული სპეციალური ფონდის სახსრებისკენ, რაც მნიშვნელოვანი ფაქტია. წევრობის გადასახადი 532 ევროს შეადგენს.
კომიტეტის წევრების აზრით, ყველანაირად გამართლებულია, რომ საქართველო აღნიშნულ კონვენციას შეუერთდეს.
კომიტეტის სხდომაზე ასევე განიხილეს „2014 წლის 30 ივლისს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მიერ დამტკიცებული "Stand-By Arengment "(SBA) პროგრამის ფარგლებში, 2014-2017 წლების განმავლობაში გათვალისწინებული ტრანშების გამოთხოვისა და სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართვის შესახებ" პარლამენტის დადგენილების პროექტი. ამ პროექტით გათვალისწინებულია, (SBA) პროგრამით დადგენილი გრაფიკის შესაბამისად, საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან გამოთხოვილი იქნება მისაღები ტრანშები 100 მლნ-მდე SDR-ის (ნასესხობის სპეციალური უფლების) ოდენობით და მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტში.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ კომიტეტის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 59-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშგების აუდიტის მიზნით მსოფლიოს ოთხი ყველაზე მსხვილი აუდიტორული ფირმის წარდგენის თაობაზე".
ამგვარად, საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშგების აუდიტის მიზნით, წარმოდგენილია მსოფლიოს ოთხი ყველაზე მსხვილი აუდიტორული ფირმა: „KPMG", "Deloitte Touche Tohmatsu", "Ernst & Young" და "Price Waterhouse Coopers". მათგან შერჩეული საუკეთესო ფირმა ორი წლის განმავლობაში გაუწევს აუდიტს საქართველოს ეროვნულ ბანკს. ინფორმაცია წარედგინება პარლამენტის თავმჯდომარეს და შემდეგ, შესაბამისი პროცედურით მოხდება გამარჯვებული ფირმის გამოვლენა.