10 სექტემბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში" ქართულ-ავსტრიული ბიზნეს-ფორუმი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ავსტრიის სამთავრობო და ბიზნეს დელეგაციის წევრები.
სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციით, ავსტრიის დელეგაციის ხელმძღვანელია ევროპის, ინტერაციისა და საგარეო საკითხთა ავსტრიის ფედერალური მინისტრი.
ფორუმის ფარგლებში აუდიტორიას სიტყვით მიმართავენ საქართველოსა და ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრები, ორი ქვეყნის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ხელმძღვანელები, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოსა და ავსტრიული კომპანიების წარმომადგენლები. პარალელურად გაიმართება პირისპირ შეხვედრები ავსტრიული და ქართული კომპანიების წარმომადგენლებს შორის. ავსტრიული კომპანიების ინტერესთა სფეროებია: ტრანსპორტი და ლოჯისტიკა, სამედიცინო ტექნოლოგიები, ჰიდროელექტრო სადგურების მომსახურება და ელექტრო-მექანიკური უზრუნველყოფა, ალტერნატიული ენერგოსისტემები, საინჟინრო განათლება, ტრეინინგები სხვადასხვა სფეროში (ინჟინერია, საინფორმაციო ტექნოლოგიები, მენეჯმენტი, გარემოს დაცვა, მეწარმეობა და ა.შ.), ინტერიერის და ექსტერიერის დიზაინი (ლამინატი, ხე, ფასადების დამუშავება), უძრავი ქონება და ინვესტიციები, ენერგეტიკა, ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარება და მართვა, მეტალურგიული მრეწველობა, ჰიდროელექტრო სადგურები.
მასალის გამოყენების პირობები