16 სექტემბრიდან, ქართული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია flyvista ალმა-ატას მიმართულებით ფრენების განხორციელებას იწყებს. ფრენები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან განხორციელდება და როგორც ავიაკომპანიაში განმარტავენ, საწყის ეტაპზე ფრენა კვირაში ერთჯერ - კვირაობით შედგება, ხოლო მოთხოვნის ზრდის შემთხვევაში მენეჯმენტი დამატებითი რეისების დანიშვნასაც გეგმავს. თბილისი-ალმა-ატას მიმართულებით ფრენის ღირებულება (ერთი გზა) 99 დოლარი იქნება და რეისები "ბოინგ 737 - 60"-ით განხორციელდება.
აღსანიშნავია, რომ flyvista ამ დროისათვის ფრენებს თეირანისა და კიევის მიმართულებით ასრულებს.
"flyvista" დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს გეგმიურ ფრენებს თბილისიდან მეზობელ ქვეყნებში ხელმისაწვდომ ფასად.
შეგახსენებთ, რომ flyvista-მ ავიაბილეთების ონლაინ-გაყიდვების პორტალი უკვე გაუშვა. ბილეთების შეძენის მსურველებს უკვე საშუალება აქვთ ბილეთები დაჯავშნონ, როგორც ვებ-გვერდზე flyvista.aero, ასევე შეიძინონ flyvista-ს გაყიდვების აგენტებთან.
ახლად გაშვებული ვებ-პორტალიდან, მგზავრებს შეუძლიათ ასევე ადგილის დაჯავშნა თვითმფრინავში, საკვების შეკვეთა, ფრენის განრიგის გაცნობა.
flyvista, Vista Georgia-ს ბრენდია და დუბაიში ბაზირებულ Aerovista-თან პარტნიორობით ოპერირებს.