ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ მარიამ ჯაშმა საზოგადოებას ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული ახალი საკანონმდებლო ინიციატივა გააცნეს, რომელიც „საქართველოს სოლიდარობის ფონდის" და მისი ბენეფიციარების მხარდაჭერას ითვალისწინებს.
დღეს მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობით, საქველმოქმედო ფონდში ნებისმიერი სახის შენატანი გათავისუფლებულია დაბეგვრისგან.
ფინანსთა სამინისტროს მიერ საგადასახადო კოდექსში მომზადებული ცვლილებებით კი, სახელმწიფოს მიერ დაარსებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისგან საქველმოქმედო საქმიანობის ფარგლებში დახმარების მიმღები ბენეფიციარი ფიზიკური პირები, რომლებსაც „საქართველოს სოლიდარობის ფონდი" სხვადასხვა სახის დახმარებას (ერთჯერადი დახმარებები, რეგულარული სოციალური შემწეობები, მკურნალობის ხარჯების დაფინანსება) გაუწევს, აღნიშნულ მიღებულ შემოსავალზე ასევე გათავისუფლდებიან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან.
ამასთან, დღეს მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობით, თუ პირს წლის განმავლობაში აქვს 40 000 ლარზე მეტი შემოსავალი, იგი ხდება ქონების გადასახადის გადამხდელი. შესაბამისად, პირი, რომელიც მიიღებს „სოლიდარობის ფონდის" დახმარებას, ეს დახმარება მას ჩაეთვლება შემოსავლად და შესაძლოა, მისმა საერთო შემოსავალმა გადააჭარბოს 40 000 ლარს, რის შემდეგაც მას მოუწევს ქონების გადასახადის გადახდა, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს მის სოციალურ მდგომარეობას.
საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების მიხედვით, ფიზიკური პირებისათვის სახელმწიფოს მიერ დაარსებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისგან საქველმოქმედო საქმიანობის ფარგლებში მიღებული შემოსავალი არ ჩაითვლება იმ შემოსავლად, რომლის გამოც მათ მოუწევთ ქონების გადასახადის გადახდა.
ფინანსთა სამინისტროში მიაჩნიათ, რომ აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს ფონდს, რათა მან უფრო მეტი თანხა მიმართოს საქველმოქმედო საქმიანობისთვის და დახმარება გაუწიოს სოციალური დანახარჯების რისკის წინაშე მდგომ პაციენტებსა და მათ ოჯახებს.
სოლიდარობის ფონდი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაფუძნდა, რომლის მიზანია, საზოგადოების, კერძო სექტორისა და სახელმწიფოს თანამონაწილეობით, ინოვაციური დაფინანსების მექანიზმების ამოქმედებით, საქართველოში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ან კატასტროფული სოციალური დანახარჯების რისკის წინაშე მდგარი ბავშვებისა და ოჯახებისთვის ალტერნატიული (არასაბიუჯეტო) რესურსების მობილიზაციის უზრუნველყოფა და პრიორიტეტულ სოციალურ საჭიროებებზე მიმართვა. საწყის ეტაპზე ფონდი ორიენტირებული იქნება ონკოლოგიური პაციენტების, უპირველესად კი, ბავშვების ძვირადღირებული მკურნალობის ანაზღაურებაზე.