აჭარის ბიუჯეტი 116%-ითაა შესრულებული. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2014 წლის ნაერთი ბიუჯეტის შესრულებამ 31 ივლისის მდგომარეობით 115,8 %-ი შეადგინა. რეგიონის ნაერთი ბიუჯეტის გეგმა, იანვარ-ივლისის მდგომარეობით 98 მლნ 139 ათას 800 ლარს იყო, თუმცა შესრულებამ 113 მლნ 647 ათას 300 ლარი შეადგინა, შესაბამისად გადახრა 15 მლნ 507 ათას 400 ლარის დონეზე დაფიქსირდა. სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, ნაერთი ბიუჯეტის გადასახადების მუხლი, გეგმაზე 12 %-იანი გადაჭარბებითაა შესრულებული, ხოლო სხვა შემოსავლების მუხლი კი - 33,8 %-იანი გადაჭარბებით. რაც შეეხება არაფინანსური აქტივების მუხლს, მისი შესრულება გეგმას 5,4 %-ით აჭარბებს.
იანვარ-ივლისის მდგომარეობით, აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულებამ კი 118,2 %-ი შეადგინა.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მუნიციპალური ერთეულებიდან გეგმა ყველაზე დიდი გადაჭარბებით შესრულებული აქვს ხულოს მუნიციპალიტეტს, რომელმაც იანვარ-ივლისში ბიუჯეტი 193,6 %-ით შეასრულა. რაც შეეხება სხვა მუნიციპალურ ერთეულებს: შუახევის ბიუჯეტი შესრულებულია 116,3 %-ით, ხელვაჩაურის ბიუჯეტი - 114,3 %-ით, ქობულეთის ბიუჯეტი - 113,5 %-ით, ბათუმის ბიუჯეტი - 109,1 %-ით, ხოლო ქედას ბიუჯეტი კი მხოლოდ 76,4 %-ით.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციითვე, დაუბეგრავი მინიმუმის სახით დაბრუნებულმა თანხამ 8 710.1 ათასი ლარი შეადგინა, საიდანაც აპრილში - 3 591.0 ათასი ლარი გაიცა, მაისი - 2 080.4 ათასი ლარი, ივნისი - 2 717.3 ათასი ლარი, ხოლო ივლისი - 321.4 ათასი ლარი.