თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისმა კომისიამ, საარჩევნო კანდიდატებისათვის თანაბარი და კონკურენტული წინასაარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, რეკომენდაციები გასცა.
კომისიის წევრებმა განიხილეს ყველა ის განცხადება და საარჩევნო დარღვევა, რომლებიც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა უწყებათაშორისი კომისიის სამდივნოს მიაწოდეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის წარმომადგენლების მხრიდან კომისიის წევრებს მიეწოდათ ინფორმაცია, თუ რა ღონისძიებები გატარდა აღმოჩენილ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით და რა კეთდება მსგავსი ფაქტების თავიდან აცილების მიზნით.
კომისია არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებსა და საარჩევნო სუბიექტებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ და არ დაუშვან თავიანთი წევრების ან მხარდამჭერების მხრიდან საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაში ჩარევა, რათა საარჩევნო კომისიამ დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ პირობებში მუშაობა შეძლოს. კომისიის წევრები პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო ადმინისტრაციაზე ძალადობის დაგმობისაკენ მოუწოდებენ.
მეორე რეკომენდაციის მიხედვით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის წევრები პოლიტიკურ პარტიებს, მათ მხარდამჭერებსა და საარჩევნო პროცესში ჩართულ სუბიექტებს მოუწოდებენ, პოლიტიკურ კონტექსტში ეთნიკურ კუთვნილებაზე ყოველგვარი მინიშნება გამორიცხონ.
„ჩვენ, კომისიის ყველა წევრი, ვგმობთ, როდესაც ზოგიერთი პოლიტიკური პარტია პოლიტიკურ ჭრილში, პოლიტიკური კამპანიის პირობებში და პოლიტიკურ პროცესში მუდმივად აპელირებს მოქალაქეთა ეთნიკურ კუთვნილებაზე; ცდილობს, რომ ეთნიკური უმრავლესობა თუ უმცირესობა გამოიყენოს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისათვის. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, თავი შეიკავონ პოლიტიკური საქმიანობისას მოქალაქეების ეთნიკური ნიშნით დაყოფისაგან, რადგან ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის დამღუპველი", - განაცხადა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარემ, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა 2014 წლის 13 ივნისს გაიმართება.