დღეს, პროკრედიტ ბანკის სათავო ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე
დირექტორთა გუნდის ორი ახალი წევრი ასმუს როტნე და სოფიო კორძახია
დასახელდნენ. შედეგად, დღეის მდგომარეობით დირექტორთა გუნდი შემდეგნაირად
გამოიყურება: გენერალური დირექტორი - ასმუს როტნე, დირექტორი - ქეთევან
ხუსკივაძე, დირექტორი - სოფიო კორძახია.
"დიდი სიხარულით დავბრუნდი პროკრედიტ ბანკ საქართველოში. მაღალკვალიფიციური
გუნდი, ნდობით აღჭურვილი კლიენტები და ბანკის ასეთი ძლიერი იმიჯი მაძლევს
იმის მოტივაციას, რომ მთელი ძალებით შევუდგე მუშაობას. დარწმუნებული ვარ
ჩემს წვლილს შევიტან ბანკის განვითარებასა და დასახული მიზნების მიღწევაში" - განაცხადა ასმუს როტნემ.
ასმუს როტნე 2014 წლის აპრილიდან პროკრედიტ ბანკის გენერალური დირექტორია.
ის პროკრედიტ ჯგუფში 2002 წლიდან მუშაობს. 2002-დან 2007 წლამდე იყო
პროკრედიტ ბანკ საქართველოს ფილიალების ქსელის მენეჯერი და გენერალური
დირექტორის მოადგილე. პროკრედიტ ჯგუფში მუშაობის 12-წლიანი პერიოდის
განმავლობაში ასმუს როტნე გახლდათ პროკრედიტ ბანკ სომხეთისა და პროკრედიტ
ბანკ მოლდოვას გენერალური დირექტორი, ასევე, პროკრედიტ ბანკ რუმინეთის
გენერალური დირექტორის მოადგილე.
პრესკონფერენიაზე წარმოდგენილ იქნა 2013 წლის შემაჯამებელი ანგარიში. აღინიშნა, რომ პროკრედიტ ბანკის ფილიალების ძირითადი ნაწილი 2013 წლის მანძილზე ახალი კონცეფციის მიხედვით გარემონტდა, შესაბამისად ყველა კლიენტს სასიამოვნო გარემოში, მასზე მორგებული, სწრაფი და ხარისხიანი მომსახურების მიღება შეუძლია.
ასევე მოხდა ფილიალების თვითმომსახურების ზონით აღჭურვა, რაც ბანკის
კლიენტს საშუალებას აძლევს, კვირაში 7 დღე, 24 საათის განმავლობაში მიიღოს
დისტანციური მომსახურების სრული სერვისი.
საერთო ჯამში, 2013 წელი "პროკრედიტ ბანკი საქართველო" -სთვის მორიგი
წარმატებული წელიწადი იყო. ბანკმა შეინარჩუნა მტკიცე საბაზრო პოზიცია და
კვლავაც განაგრძობდა საიმედო და სოციალური პასუხისმგებლობის მატარებელი
საბანკო მომსახურების გაწევას ფიზიკური პირებისა და ბიზნესებისათვის.
კლიენტთა მთლიანი სახსრები 7 %-ით გაიზარდა და 562 მლნ ლარი შეადგინა
(324 მლნ აშშ დოლარი).
მთლიანი საკრედიტო პორტფელი 2 %-ით შემცირდა და 711 მლნ ლარი შეადგინა
(410 მლნ აშშ დოლარი);
2013 წლის წმინდა მოგებამ კი 20 მლნ ლარი (11 მლნ აშშ დოლარი) შეადგინა,
რაც დაგეგმილზე 12 %-ით მეტია.