29-30 მაისს, საქართველოს წამყვანი მედია საშუალებების წარმომადგენლები გაემგზავრებიან აჭარაში. ჟურნალისტები გაეცნობიან ევროპის სამეზობლო პროგრამის მიმდინარეობას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებას.
ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ჟურნალისტები შეხვდებიან ფერმერებს, შეიტყობენ იმ მომსახურების შესახებ, რომელიც ხელს უწყობს ფერმერთა კოოპერატივების დაფუძნებასა და წარმოებისა და გასაღების ჯაჭვების ჩამოყალიბებას.
29 მაისს მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან აჭარის აგროსერვის ცენტრის შუახევის ფილიალის გახსნას. მოინახულებენ სადემონსტრაციო ნაკვეთებს, სადაც მიმდინარეობს ახალი სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების გამოცდა და დანერგვა.
ჟურნალისტები შეხვდებიან საქართველოს მთავრობის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, ევროკავშირისა და გაეროს წარმომადგენლებს.
მედია ტური ხორციელდება საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.
ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და განვითარებისათვის (ENPARD):
ევროკავშირის სოფლის მეურნეობისა და განვითარების სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის განვითარებას აჭარაში. სამწლიანი პროექტის პარტნიორები არიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და აჭარის აგროსერვისი.
ENPARD აჭარას სრული ბიუჯეტი 3.5 მილიონი ევროა. აქედან თითქმის 3 მილიონ ევროს აფინნასებს ევროკავშირი, ხოლო დანარჩენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა.