დღეს საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე, გაეროს განვითარების პროგრამის საპარლამენტო პროექტის მენეჯერთან, სოფიო გურულთან ერთად, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორს, გიორგი ბარათაშვილს შეხვდა.
30 მაისიდან 27 ივნისის ჩათვლით საზოგადოებრივი მაუწყებლის "მეორე არხის" ეთერში გავა საქართველოსა და ევრიკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განმარტებითი ვიდეორგოლები აფხაზურ, ოსურ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე.
30-წამიან ვიდეო რგოლში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები განმარტავენ ასოცირების შესახებ შეთანხმების რვა კარს და ყურადღებას ამახვილებენ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ საქართველოსთვის მოსალოდნელ დადებით შედეგებზე.
ვიდეორგოლების ქართული ვერსია 9 მაისიდან უკვე გადის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე და იტრიალებს 27 ივნისის ჩათვლით, ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერამდე. ვიდეორგოლები ასევე იტრიალებს საზოგადოებრივი მაუწყებლის "რადიო 1-ის" ეთერში (FM 102.4-ზე).
გარდა ამისა, 28 მაისიდან 28 ივნისის ჩათვლით ვიდეორგოლების სრული ვერსიები (4 წუთიანი) აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე იტრიალებს "ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის", "ტელეკომპანია მარნეულის", "ATV-12-ის" და ტელეკომპანია "ფარვანას" ეთერში.
აღნიშნული ვიდეორგოლები მომზადებულია პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივითა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით.