აშშ-ს ელჩი უკრაინაში ჯონ ტეფტი აცხადებს, რომ უკრაინის მეგობრები ევროპაში ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ ყირიმში სამხრეთ ოსეთის სცენარი არ განმეორდეს. ეს განცხადება ჯონ ტეფტმა გაზეთ "პერვაია კრიმსკაიასათვის" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
"მე ეს ტრაგედია მე ჩემი საკუთარი თვალით ვნახე. იმედს ვიტოვებ, რომ არაფერი მსგავსი აქ არ მოხდება. ხოლო უკრაინის ხელისუფლება, უკრაინის ევროპელი მეგობრები კი ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ მოვლენათა ამგვარ განვითარებას ხელი შეუშალონ", _ განაცხადა ტეფტმა.
მისივე თქმით, აშშ-ს პრეზიდენტის განცხადებით, აშშ-სა და უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობა დამყარებულია საერთო ფასეულობებზე. "ამაში შედის დემოკრატიზაციის განვითარება, ტერიტორიული მთლიანობის დაცვა, კანონის უზენაესობის გამყარება, ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის საკითხებში თანამშრომლობა, ასევე ეკონომიკისა და ენერგეტიკულ სფეროებში რეფორმების მხარდაჭერა", _ აცხადებს ტეფტი.
მისივე თქმით, აშშ იმედს იტოვებს, რომ ითანამშრომლებს უკრაინის ახლადარჩეულ პრეზიდენტთან ვიქტორ იანუკოვიჩთან, მის მთავრობასა და პარლამენტთან.
აშშ-ს ელჩმა უკრაინაში ასევე განაცხადა, რომ აშშ-ს უარი არ უთქვამთ ყირიმში ყოფნის პოსტის გახსნის გეგმებზე.
"ეს საკითხი ახლა განიხილება. ეს განზრახვა ასახულია კიდეც აშშ-სა და უკრაინას შორის გაფორმებულ სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიაში. თუმცა ამ გზაზე ჯერ კიდევ მრავალი საკითხია გადასაწყვეტი, მათ შორის დაფინანსების საკითხიც. საბოლოო გადაწყვეტილება კი ამ საკითხზე ჯერ ჯერობით მიღებული არ არის", _ აცხადებს ელჩი.