200 დღეზე მეტია, რაც ქუჩაში პროტესტია, დამოუკიდებელი მედიები იბრძვიან არსებობისთვის, ოპოზიციური ლიდერები ციხეში სხედან, 60-მდე აქტივისტი ელოდება განაჩენს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბუქარესტში, „რუმინეთის ხსნის კავშირის” ეროვნულ კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„საქართველოში წინასწარი პატიმრობა დღეს ცხრა თვემდე გრძელდება, რაც უფრო მეტია, ვიდრე რუსეთში.
ჟურნალისტი ქალი, მზია ამაღლობელი, ამ ბრძოლის სიმბოლო გახდა. ის ექვსიდან ცხრამეტ წლამდე პატიმრობას ელოდება არაფრისთვის, მაგრამ იმ ყველაფრისთვის, რაც მან გააკეთა, რადგან იბრძვის და ციხიდანაც იბრძოლებს.
ქვეყანაში რეპრესიები, დაშინებები და კონტროლია, თუმცა ხალხი არ ნებდება. ისინი არ ნებდებიან, რადგან ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური კრიზისი, როგორც ზოგიერთი ევროპაში ფიქრობს, ეს არ არის მხოლოდ სადავო არჩევნები, რომელთა შედეგსაც ოპოზიცია ეჭვქვეშ აყენებს.
უკვე რვა თვეა, საქართველო იბრძვის ქუჩაში, არავის მიუტოვებია ეს ბრძოლა, რადგან ეს არა პოლიტიკური, არამედ ეგზისტენციიური კრიზისია. ეს არის ომი, ომი რუსეთის ახალი ჰიბრიდული სტრატეგიის წინააღმდეგ. ეს არ არის ის სამხედრო ომი, რომელსაც ჩვენი უკრაინელი მეგობრები უკვე სამი წელია გმირულად უმკლავდებიან, საკუთარი თავის და ჩვენს დასაცავად, ეს ომი სხვა სახეა, მონეტის მეორე მხარე!
ეს არის რუსეთის მცდელობა, მიითვისოს ის, რაც მას არ ეკუთვნის. ის ცდილობს, დაიპყროს სახელმწიფო ისე, როგორც სცადა უკრაინაში. ვერ შეძლო, ვეღარც შეძლებს, მაგრამ ახლა ცდილობს ეს უსისხლოდ გააკეთოს, ყველა იმ იარაღით, რაც უკვე აითვისა: პროპაგანდით, არჩევნების მანიპულაციით, კიბერთავდასხმებით, კულტურული მანიპულაციებით – ცდილობს იმ ფასეულობების დამკვიდრებას, რომლებიც ჩვენთვის უცხოა. საქართველოდან მოლდოვამდე, რუმინეთიდან ბრიუსელამდე რუსეთის მიზანი დაყოფა, დესტაბილიზაცია და დისკრედიტაციაა. ეს არ არის თეორია – ეს ფაქტია!
ეს ჩანს ყალბ ნარატივებში, ამაღლებულ ყალბ ნაციონალიზმში, იარაღადქცეულ სოციალურ მედიაში, დემოკრატიულ ინსტიტუტებისადმი რწმენის რღვევაში. რუსეთი ცდილობს, შეავსოს ის სიცარიელე, რაც დაკარგა, რადგან ევროპაში ვეღარ წარმოადგენს სამხედრო ზესახელმწიფოს. და მისი გზავნილიც ესაა: რომ დემოკრატია სუსტია, რომ ევროპა კარგავს პოზიციას და რომ ავტორიტარიზმი სთავაზობს წესრიგს და მშვიდობას, რომელიც არ განსხვავდება საბჭოთა პერიოდის პროპაგანდისგან: წესრიგი და მშვიდობა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, მშვიდობა თავისუფლების გარეშე არ არის მშვიდობა, ეს არის მხოლოდ სიჩუმე, ეს არის ჩახშობა და ეს ყოველთვის დროებითია.
„რუსეთის სტრატეგია მომაკვდინებელია: ძირის გამოთხრა დემოკრატიის ავტორიტეტისგან, ევროკავშირის წარმოჩენა როგორც არაეფექტური და დეგრადირებული სტრუქტურისა და საკუთარი პოზიციონირება როგორც ტრადიციული ღირებულებების დამცველისა, მაშინ როცა ის აწარმოებს ომს უკრაინაში, იკავებს და დესტაბილიზაციას იწვევა მეზობლებში.
დღემდე საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსული ტანკებით და სამხედროების მიერ. იქ მცხოვრები ადამიანები ვერ საუბრობენ საკუთარ ენაზე და ვერ იცავენ საკუთარ უფლებებს, და ვთქვათ კიდევ ერთხელ მკაფიოდ, მშვიდობა თავისუფლების გარეშე არ არის მშვიდობა, ეს არის მხოლოდ სიჩუმე, ეს არის ჩახშობა, და ეს ყოველთვის დროებითია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, შავი ზღვის უსაფრთხოების გარეშე, მშვიდობიანი და თანამშრომლობითი სივრცის გარეშე, ევროპის ხვალინდელი დღე ვერ იქნება ისეთი, როგორადაც დღეს წარმოდგენილია.
„ამ ბნელ დღეებში, სადაც ახლა ვართ, რუმინეთი გზა გვინათებს. თქვენ აირჩიეთ გამჭვირვალობა მანიპულაციის ნაცვლად. მოქალაქეობრივი ჩართულობა — ტყვეობის ნაცვლად. თავისუფლება და ევროპა — ზეწოლის ნაცვლად. თქვენი გზა მარტივი არ ყოფილა და ჯერ დასრულებულიც არ არის, მაგრამ მიმართულება გარკვეულია და ახლა ეს თქვენი პასუხისმგებლობაა. თქვენი პასუხისმგებლობაა ამ გზაზე დაეხმაროთ სხვებსაც და ჩვენც გვჭირდებით! ჩვენ თქვენ გენდობით, რადგან ჩვენ მხოლოდ პარტნიორები არ ვართ, ჩვენ შავი ზღვის მეზობლები ვართ, გვაქვს საერთო სტრატეგიული ინტერესი.
შავი ზღვის უსაფრთხოების გარეშე, მშვიდობიანი და თანამშრომლობითი სივრცის გარეშე, ევროპის ხვალინდელი დღე ვერ იქნება ისეთი, როგორადაც დღეს წარმოდგენილია.
საქართველოს ევროპული გზის მხარდაჭერა არ არის მხოლოდ ღირებულებებზე საუბარი, ეს ნიშნავს რეგიონულ გამძლეობას, ეკონომიკურ სტაბილურობას და ევროპის აღმოსავლეთი საზღვრის დაცვას ავტორიტარული გავლენებისგან, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა რუსეთი შავ ზღვაში აქტიურობს და უკვე აშენებს ახალ სამხედრო-საზღვაო ბაზას ოკუპირებულ აფხაზეთში.
ამიტომ, ძლიერი და დემოკრატიული საქართველო არის გონივრული ინვესტიცია ევროპის მშვიდობაში, კეთილდღეობასა და გრძელვადიან უსაფრთხოებაში. ეს ხანდახან არ ესმის ევროპას მთლიანობაში, მაგრამ ეს ესმით იმ წევრ სახელმწიფოებს, ვისაც წარსული გამოცდილება აერთიანებთ და იციან დღევანდელი საფრთხეები. ამიტომ გთხოვთ, იყოთ საქართველოს ხმა ევროკავშირში, გახდეთ საქართველოს ხმა, რათა ეს საფრთხეები სათანადოდ იქნას აღქმული“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.