მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის კომპანიები სახელმწიფომ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებისგან გაანთავისუფლა. როგორც მთავრობის №613 განკარგულებიდან ირკვევა, „სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სს „ლისი ლეიქ დეველოპმენტი" და შპს „ლისის აბანოები" გათავისუფლდნენ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა (უფლებამონაცვლე სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) და შპს „ლისი ლეიქ დეველოპმენტს" შორის 2010 წლის 24 ივნისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების (სანოტარო აქტის რეგისტრაციის №100619949) 5.8. მუხლის შესაბამისად, დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებისგან.
საჯარო რეესტრის ეროვნული ბიუროს საიტზე სს „ლისი ლეიქ დეველოპმენტის" დამფუძნებლების შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება, თუმცა რეესტრზე მითითებული ვებ-გვერდის მიხედვით (www.lisi.ge) კომპანიის დამფუძნებლები ბიზნესმენები - მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ბობ მეიერი არიან და კომპანია ახორციელებს პროექტს - „მწვანე ქალაქი ლისი".
როგორც სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, სს „ლისი ლეიქ დეველოპმენტის" საინვესტიციო ვალდებულებას, ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და შპს „ლისი ლეიქ დეველოპმენტს" შორის 24.06.2010 წელს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებების თანახმად - წარმოადგენდა, 2013 წლის 24 ივნისამდე კომპანიისთვის გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე საპროექტო-სამშენებლო სამუშოების ჩასატარებლად (განსახორციელებლად) არანაკლებ 20 000 000 აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელება.
„საქართველოს პრეზიდენტის 02.07.2013 წლის განკარგულების თანახმად, ზემოაღნიშნული ვალდებულების შესრულების ვადა განისაზღვრა 2013 წლის 31 დეკემბრით. კომპანიებს ეპატიათ 2013 წლის 24 ივნისამდე შესაბამისი ინვესტიციის არასრულად განხორციელებისთვის დაკისრებული პირგსამტეხლო, რომლის ოდენობაც განისაზღვრებოდა დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1 % ოდენობით, დარღვევის დღიდან (24.06.2013 წ.) ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (02.07.2013 წ)"- განმარტავენ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში.
რაც შეეხება მთავრობის №613 განკარგულებაში მოხსენიებულ შპს „ლისის აბანოებს", მისი 50 %-იანი წილის მფლობელი „ლისი ლეიქ დეველოპმენტია".