აჭარაში ინვესტიციების მოცულობა 28%-ითაა გაზრდილი. როგორც სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენს" აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განუმარტეს, აჭარის ა.რ. ტერიტორიაზე, 2013 წლის განმავლობაში განხორციელებულია 195 მლნ. აშშ დოლარის პირდაპირი კერძო ინვესტიცია, რაც 28%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. 2012 წელს რეგიონში სულ 152 მლნ დოლარის ინვესტიციის შედინება დაფიქსირდა.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, ინვესტიციების უმეტესი ნაწილი, ხორციელდება მშენებლობისა (47 %) და ტურიზმის (41 %) დარგებში. კერძოდ კი, 2013 წელს 92,1 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა მშენებლობის სექტორში, ხოლო ტურიზმის სექტორში კი განხორციელებული ინვესტიციების მოცულობამ, 2013 წელს 78,8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.
სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, აჭარაში ენერგეტიკის სექტორში 2013 წელს განხორციელდა 10,3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ინვესტიცია, სოფლის მეურნეობასა და მრეწველობაში კი 3,6-3,6 მლნ დოლარის ინვესტიცია. ეკონომიკის სხვა დარგებში კი 7 მლნ დოლარის ინვესტიციაა განხორციელებული.
აღსანიშნავია, რომ 2013 წელს აჭარაში განხორციელებული ინვესტიციების 73 %-ი ბათუმზე მოდის.