მაისის თვიდან მართლმსაჯულების რეფორმის მეორე ტალღა დაიწყება. ამის შესახებ, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკინმა ჟურნალისტებთან პროექტ "ღია მმართველობის" პროგრამის ფარგლებში შეხვედრისას განაცხადა.
,,ჩვენ წელს იუსტიციის სამინისტროში აუცილებლად გვჭირდება, რომ მაისის თვიდანვე უკვე გადავიდეთ მართლმსაჯულების რეფორმის მეორე ტალღაზე. ჩვენ ზოგიერთი ახლა გვეუბნება, რომ მოსამართლე არ შევაფასოთ და უვადო ისე გახადეთო და უვადოდ ჩავაბაროთ ჩვენი შვილების ბედი. მე ამას არ ვიზიარებ და ამას ძალიან ცოტა ადამიანი იზიარებს. მოსამართლე, ჯერ შიდა დამოუკიდებელი სისტემით უნდა გამოიცადოს, შეფასდეს და თუ ის დაამტკიცებს, რომ ის ღირსია ატაროს მოსამართლის მანტია მხოლოდ მაშინ გვაქვს უფლება ჩვენი შვილების ბედი მას უვადოდ ჩავაბაროთ", _განაცხადა წულუკიანმა.
წულუკიანის განმარტებით, მოქმედი მოსამართლეებისთვის, ასევე შეფასების სისტემა უნდა დაინერგოს.
იუსტიციის მინისტრის განმარტებით, საქართველოს რეფორმები სჭირდება არა მხოლოდ იმისთვის, რომ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გახდეს, არამედ იმისთვის, რომ ქვეყანა უკეთესი გახდეს.
,, ჩვენ რეფორმები გვჭირდება არა მხოლოდ იმისთვის, რომ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი ქვეყანა გავხდეთ, არამედ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა უკეთესი იყოს. რეფორმებს, პირველ რიგში, ჩვენი თავისთვის ვატარებთ, ვატარებთ ჩვენი მოქალაქეებისთვის, რადგან გვჭირდება ფეხი აუწყოთ პროგრესს ისე რომ ამავე დროს, ჩვენი ენა, ტერიტორია. კულტურა დაცული იყოს, მაგრამ ჩვენ უნდა განვითარდეთ. უნდა განვითარდეთ ჰარმონიაში დანარჩენ სამყაროსთან და ჰარმონიაში ჩვენს საკუთარ წარსულთან, ტრადიციებთან, ღირებულებებთან", _განაცხადა წულუკიანმა.