თავდაცვის ექს-მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი გორის მერობისთვის იბრძოლებს. ამის შესახებ განცხადება ოქრუაშვილმა ინგა გრიგოლიას თოქ-შოუ "რეაქციაში" გააკეთა.
"არ ვაპირებდი პოლიტიკისკენ გახედვას, მაგრამ შექმნილმა სიტუაციამ მაიძულა, ეს ნაბიჯი გადამედგა. პოლიტიკოსობა უმადური პროფესიაა, რომელსაც თან ახლავს ჭორი და ტალახის სროლა. გორის მიმართ დავალებული ვარ, რადგან 2003 წელს დიდი მანდატი მომცეს, როდესაც პარლამენტის წევრად ამირჩიეს და მეორე, ამ ქალაქს არც ერთი ხელისუფლების მხრიდან დაფასება არ ჰქონდა. ხალხი მომავალს უყურებს შიშით. ჩემთვის გორის არჩევნები არის მესამე ლიგის თამაში. ჩემთვის ეს არის გარკვეული თავის ატკიება, მაგრამ მივიღე ეს გადაწყვეტილება, რომ ბევრი რამ შემეცვალა ამ ქალაქში და თუნდაც შემეძლოს, რომ გაჩენილი ნიჰილიზმი ერთხელ და სამუდამოდ ამოვიღო. ხალხის გამოთქმული პრეტენზიები ადგილობირივი ხელისუფლების მიმართ და პოზიტიური დამოკიდებულება ჩემს მიმართ, ეს ის მიზეზია, რამაც გადამაწყვეტინა, მიმეღო არჩევნებში მონაწილეობა. ნოემბერში მივიღე გადაწყვეტილება, რომ თვითმმართველობის არჩევნებში ვიყრიდი კენჭს," -აცხადებს ოქრუაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები