საქართველოს ევროკავშირის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის კომისარი შტეფან ფულე ეწვია. როგორც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტებთან ფულემ განაცხადა შეხვედრების დროს აქცენტი გაკეთდება საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობაზე.
,,მე შევხვდები რამდენიმე ოფიციალურ პირს, მათ შორის, პრეზიდენტს-პრემიერ-მინისტრს. პირველი შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრთან მექნება. ჩემი პროგრამის უმნიშვნელოვანესი ნაწილი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან იქნება. ძირითადი საკითხები რასაც შევეხები ეს არის ასოცირების შეთანხმება საქართველოსა და ევროკავშირს შორის", _განაცხადა ფულემ.
ვიზიტის ფარგლებში ფულე შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, მთავრობის წევრებთან, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.
ევროკომისარი ფულე და საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი ხელს მოაწერენ მემორანდუმს საჯარო ფინანსების რეფორმის მხარდაჭერის შესახებ.
ევროკომისარი ფულე და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ხელს მოაწერენ ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერის შესახებ.
ფულეს ვიზიტი საქართველოში ორდღიანია და ის 4-5 მარტს გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში შტეფან ფულეს 3 მარტს ელოდებოდნენ, თუმცა მისი ვიზიტი ბრიუსელში საგანგებოდ მოწვეული ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის გამო გადაიდო.