საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო.
ქვეყნის პირველ პირს „ზვართნოცის" საერთაშორისო აეროპორტში სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ედვარდ ნალბანდიანი დახვდა.
ერევნის საერთაშორისო აეროპორტში ოფიციალური დახვედრის ცერემონიის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი დელეგაციის წევრებთან ერთად პრეზიდენტის სასახლეში გაემართა, სადაც სომეხ კოლეგას სერჟ სარგსიანს პირისპირ შეხვდება. ორი ქვეყნის ლიდერები შეხვედრას გაფართოებული შემადგენლობითაც გამართავენ, რის შემდეგაც მედიის წარმომადგენლებისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ტიგრან სარქისიანის სამუშაო სადილი გაიმართება.
საქართველოს პრეზიდენტი ქართულ დელეგაციასთან ერთად სომხეთის რესპუბლიკის ეროვნულ კრებასაც ეწვევა, სადაც სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს ოვიკ აბრამიანსაც შეხვდება.
საქართველოს პრეზიდენტი სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის მეორე დღეს უმაღლეს პატრიარქს, ყოველთა სომეხთა კათოლიკოსს გარეგინ მეორეს შეხვდება.
ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არიან ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა აბაშიძე და პრეზიდენტის საერთაშორისო ურთიერთობების მრჩეველი ივანე მაჭავარიანი, ასევე საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: ზურაბ აბაშიძე, ზვიად კვაჭანტირაძე, რუსლან პოღოსიანი და ენზელ მკოიანი.
საქართველოს პრეზიდენტი და ქართული დელეგაცია საქართველოში 28 თებერვალს დაბრუნდება.