ვიცე-პრემიერი კახა კალაძე ,,ნაციონალური მოძრაობისგან" მოითხოვს, იძულებით გადაადგილებულ პირებს ბოდიში მოუხადონ. როგორც კალაძე აცხადებს, ,,ნაციონალური მოძრაობა" თვითპიარზე ორიენტირებული პარტიაა, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოში მიმდინარე პროცესების სტაბილურობას.
,,ნაციონალური მოძრაობის" თვითპიარზე ორიენტირებული გამოსვლები უკვე სასაცილოს ფაზიდან იდიოტიზმის და ქვეყნის პოლიტიკისთვის სახიფათო სტადიაზე გადავიდა.ამ პარტიის წარმომადგენელი ვაშაძე ბედავს და სატელევიზიო ეთერში აცხადებს, რომ საქართველოში რუსული ჯარი არ დგას! "ნაციონალებმა" რუსეთის და ნაურუს მხარდამხარ აღიარეს დაკარგული ტერიტორიების დამოუკიდებლობა და თავის უპასუხისმგებლო, ისტერიულ, მხოლოდ ქვეყნის დანგრევაზე მიმართულ ქმედებებს ამით დაუსვეს წერტილი. ეს ადამიანები მაშინ, როცა ჩვენი ხელისუფლება ცდილობს აგრესიულ მეზობელთან თანაარსებობის მოწესრიგებას, მეტ-ნაკლებად ურთიერთობის დარეგულირებას, რევანშისტული განცხადებებით ზაფრავდნენ მოსახლეობას და მუდამ ამღვრევდნენ წყალს. ეს არის პოლიტიკურად უპასუხისმგებლო დაჯგუფება, რომელიც მხოლოდ თვითპიარზე ფიქრობს და არც საკუთარ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ანაღვლებს და მითუმეტეს, არც უკრაინაში.მცოცავი ოკუპაციის ფონზე, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრების განცხადებები საფრთხეს უქმნის საქართველოში მიმდინარე პროცესების სტაბილურობას, სიტუაციის მონიტორინგს საოკუპაციო ზონაში, უკრაინასთან და რუსეთთან ჩვენი ქვეყნის ურთიერთობას", _განაცხადა კალაძემ.
კალაძის განცხადებით, ,,ნაციონალების" ისტერიული მდგომარეობა ქვეყნის პრემიერის აშშ-ში წარმატებული ვიზიტითაა განპირობებული.
,,მესმის "ნაციონალების" ისტერიული მდგომარეობა ქვეყნის პრემიერის წარმატებული ვიზიტით არის განპირობებული - მსოფლიოში უძლიერესი ქვეყნის ხელისუფლება ღიად გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს მიმართ. ვიზიტი მიმდინარეობს ხაზგასმით წარმატებულად, შედეგები არის უკვე თვალსაჩინო და შორსმიმავალი. მინდა, მოვთხოვო "ნაციონალების" პარტიის ოფისს, გამობრძანდნენ და ბოდიში მოუხადონ ყველა იმ იძულებით გადაადგილებულ პირს, ყველა იმ ოჯახს, ვისი წევრიც ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში მონაწილეობდა. ყველა იმ მოქალაქეს, ვინც ყოველდღიურად მავთულხლართების ორივე მხარეს ოცნებობს ერთიან, დემოკრატიულ ქვეყანაზე", - აცხადებს კალაძე.