ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის საქართველოს დახმარება გაუზარდოს, - ამის შესახებ განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის პლენარულ სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, დახმარება გულისხმობს, როგორც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი მხარდაჭერას, ისე დახმარებას ეკონომიკური რეფორმების განხორციელებაში, ინვესტიციების მოზიდვის კუთხით და ა.შ.
"დღეს მე მინდა გამოვაცხადო დამატებითი დახმარების შესახებ, რომლის ფარგლებშიც შეერთებული შტატები ხელს შეუწყობს საქართველოს ევროატლანტიკურ მიმართულებას - პირველ რიგში ესაა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მიმართულება და ე.წ. ბორდერიზაციის - საზღვრის გავლების მიმართულებით ხელშეწყობას, ასევე გამოვთქვათ საქართველოს ეკონომიკური რეფორმის ხელშეწყობის მხადყოფნა, ინვესტიციების, ვაჭრობის გაძლიერების, კანონის უზენაესობის დაცვის კუთხით, რაც ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას და ხელს შეწყობს ევროკავშირთან ინტეგრაციასაც. ეს, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მაღალ პლანზე წამოსწევს საქართველოს რეპუტაციას. შეერთებული შტატები ასევე მზადყოფნას გამოთქვამს, ვაჭრობის სფეროში უფრო ძლიერი თანამშრომლობისთვის", - განაცხადა ჯონ კერიმ.
თავის მხრივ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატები მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორად მოიხსენია. როგორც მან სიტყვით გამოსვლაში განაცხადა, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს საერთო ინტერესები აერთიანებთ. მანვე იმედი გამოთქვა, რომ ურთიერთთანამშრომლობა წარმატებით გაგრძელდება.
„საქართველო ამერიკას აღიქვამს, როგორც ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორს და მინდა უსაფრთხოების, ტერიტორიული ერთიანობის და სხვა მიმართულებით თქვენი მუდმივი მზადყოფნისა და დახმარებისთვის მადლობა გადაგიხადოთ. ეს ძლიერი სტიმული გახლავთ ჩვენთვის, რომ კიდევ უფრო მაღალ ხარისხში ავიყვანოთ დემოკრატიის გაძლიერება. საქართველოს ტერიტორიების 20 %-ზე მეტი რუსეთის მიერაა ოკუპირებული. ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოც ამერიკის გვერდით დგას. როცა გადაწყვეტილების მიღება იყო საჭირო სტრატეგიულ მოკავშირეობასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ჩვენ ამერიკის სასარგებლოდ მივიღეთ გადაწყვეტილება. ქარტია გახლავთ ჩარჩო ჩვენი თანამშრომლობის მრავალმხრივი მიმართულებისა. საქართველო ოთხივე მიმართულებით ინტენსიურად გააგრძელებს მუშაობას", - განაცხადა საქართველოს პრემიერმა.