აშშ-ის ატლანტიკურ საბჭოში ირაკლი ღარიბაშვილმა გამოსვლის დასკვნითი ნაწილი დაუთმო რუსეთ-საქართველოს ურთიერთობასა და საქართველოს ევროინტეგრაციისაკენ სწრაფვას.
"საქართველოს მთავრობა, ყოველ ღონეს ვიხმართ, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, გავუძლოთ შესაძლო გარეშე ზეწოლასა და ძალდატანებას, რადგან ჩვენ არ ვაპირებთ კომპრომისზე წასვლას და ჩვენი ევროპული მომავლის ასე უბრალოდ დათმობას. მოგიწოდებთ, დაგვიჭიროთ მხარი, და არა იმიტომ, რომ ან ერთიანი არა ვართ, ან არა ვართ დარწმუნებული ჩვენს მისწრაფებებში, არამედ იმიტომ მოვუწოდებთ ჩვენს დასავლელ მეგობრებს დახმარებისკენ, რომ გავუძლოთ უცხოურ ზეწოლას, რომელიც ემუქრება საბჭოთა იმპერიის დაშლის შემდეგ თავისუფალი მსოფლიოს მიერ ჩვენს რეგიონში განხორციელებულ მიღწევებს შეცვლითა და უკან დაბრუნებით. „ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ღარიბაშვილმა ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევები საბჭოთა ოკუპაციის თარიღსაც დაუკავშირა. ,,დღეს 25 თებერვალია. 93 წლის წინ წითელი არმია შემოიჭრა თბილისში და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებელმა სახელმწიფომ არსებობა შეწყვიტა, რამაც 70 წლით უკან დახია ქართველი ხალხის ისტორიული სვლა. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ამგვარი ისტორიული ტრაგედიები აღარ განმეორდეს 21-ე საუკუნეში. „ - განაცხადა პრემიერმა სიტყვის დასასრულს.