საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რუსეთის საოკუპაციო ჯარის უკანონო ქმედებების განახლების ეხმიანება და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს ხმა აიმაღლონ ამ უკანონობის წინააღმდეგ.
,,მინდა მივმართო საერთაშორისო თანამეგობრობას ხმა აიმაღლოს, ჩვენთან ერთად სრულიად უკანონო ქმედების წინააღმდეგ. ეს არის ქმედება, რომელიც მიმართულია კონფლიქტის გართულებისკენ, რადგან მავთულხლართების გარეშე ჩვენ ვპოულობთ ერთმანეთს, ვურთიერთობთ. მავთულხლართები მხოლოდ გავლებულია იმისთვის, რომ კონფლიქტის შენარჩუნება მოხდეს", _განაცხადა მარგველაშვილმა.
მისივე თქმით, მავთულხლართებს არ გააჩნია არავითარი სტრატეგიული სამხედრო დანიშნულება, ეს არის ერთმნიშვნელოვნად ადამიანის წინააღმდეგ მიმართული ქმედება.
,,ოლიმპიადის დასრულების შემდეგ 11-კილომეტრიანი ზონა, რომელიც გადმოწეულია აფხაზეთში არავითარი ნაბიჯი არ გადაიდგა თითქოსდა ოლიმპიადის უშიშროებისთვის შექმნილი 11-კილომეტრიანი ზონის გაუქმების თაობაზე. ჩვენ ამის შესახებ, დაახლოებით, ერთი თვის წინ მსოფლიო საზოგადოებას ვეუბნებოდით, რომ ეს ასე იოლად არ იქნება და საჭიროა ძალიან აქტიური ჩართულობა. ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ განახლდა სრულიად უაზრო მავთულხლართების გავლების პროცესი. მე მინდა ყველას გასაგონად ვთქვა მავთულხლართებს არ გააჩნია არავითარი სტრატეგიული სამხედრო დანიშნულება, ეს არის ერთმნიშვნელოვნად ადამიანის წინააღმდეგ მიმართული ქმედება, რომ ადამიანებმა ვისაც მავთულხლართების მიღმა ერთმანეთის ნახვა, შეხვედრა უნდათ, მათ წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია", _განაცხადა მარგველაშვილმა.