რუსეთი მზადაა ყირიმისათვის იბრძოლოს და დაიცვას იქ მცხოვრები მოსახლეობა და თავისი სამხედრო ბაზები. განცხადება ამის შესახებ The Financial Times-ის კორესპონდენტებთან საუბარში რუსმა მაღალჩინოსანმა გააკეთა.
„თუ უკრაინა გაიხლიჩება ეს ომამდე მივა. თავდაპირველად ისინი ყირიმს დაკარგავენ იმიტომ, რომ ჩვენ შევალთ და დავიცავთ მას, ისევე როგორც ჩვენ ეს საქართველოში გავაკეთეთ", - აცხადებს რუსი მაღალჩინოსანი.
The Financial Times-ი აღნიშნავს, რომ 2008 წელს რუსეთის ჯარები საქართველოს ტერიტორიაზე შეიჭრნენ, მას შემდეგ რაც საქართველომ სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რესპუბლიკაზე იერიში მიიტანა. მოგვიანებით რუსეთმა ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა. კრემლში საქართველოსთან ხანმოკლე კონფლიქტს, ცივი ომის შემდეგ რუსეთსა და დასავლეთს შორის ყველაზე მწვავე დაპირისპირებად მიიჩნევენ.
The Financial Times -ი ასევე აღნიშნავს, რომ მსგავსი სცენარის განმეორების საშიშროება იმის გამო გაჩნდა, რომ ყირიმში მოსახლეობის 60 % რუსი ეროვნებისაა, დანარჩენი 40 % -ს კი უკრაინელები და ყირიმელი თათრები შეადგენენ.
ამასთან ერთად ყირიმის პარლამენტის სპიკერმა ვლადიმერ კონსტანტინოვმა 20 თებერვალს გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ ის ყირიმის უკრაინიდან გამოყოფას არ გამორიცხავს.
„შესაძლებელია. თუ ქვეყანა დაიშალა და ყველაფერი ამისკენ მიდის",_ განაცხადა მან მოსკოვში ვიზიტისას.
ამასთან ერთად, The Financial Times -ი ასევე აღნიშნავს, რომ მრავალი რუსი ჩინოვნიკი აცხადებს, რომ უკრაინა რუსეთის გავლენის სფეროშია.
„ჩვენ არ დაუშვებთ რომ ევროპამ და აშშ-მ ჩვენ უკრაინა წაგვართვას. ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები ეს ერთიანი ოჯახია",_ აცხადებს წყარო The Financial Times -თან საუბარში.